ყოფილ პოლიციელს, არალეგალური თამაშებისთვის, პატიმრობა ემუქრება

ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ, უკანონო აზარტული თამაშების მოწყობის ბრალდებით, ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, სერჟანტი რალფ მასტრანტონიო დამნაშავედ სცნო. ის მიწისქვეშა კაზინოში დილერის ფუნქციას ასრულებდა. 
გამოძიების შედეგად ცნობილი გახდა, არალეგალური კაზინო იმდენად ორგანიზებულად მოქმედებდა, რომ მათ თავიანთი თამაშებისა და ტურნირების გრაფიკები ჰქონდათ შედგენილი, სახელიც შეურჩიეს - "Fifth Street" და ამავე სახელწოდების ჩიპებიც კი დაბეჭდეს. ორგანიზატორები მხოლოდ ერთი ღამის თამაშით ათასობით დოლარის რეიკს გამოიმუშავებდნენ, ხოლო მასტრანტონიო სტუმრებს გულუხვად უმასპინძლდებოდა იტალიური კერძებითა და ალკოჰოლით. 
მასტრანტონიოზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც კვინსის რაიონის პროკურატურას ხელთ ჩაუვარდა ინფორმაცია ნიუ იორკის პოლიციის დეტექტივის, რიჩარდ პალასის და ორგანიზებული კრიმინალური სამყაროს ერთობლივი საქმიანობის შესახებ, რომლებიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უკანონო მიწისქვეშა თამაშებს მართავდნენ. რიჩარდ პალასი თებერვალში დააპატიმრეს და დამნაშავედ სცნეს. ამჟამად იგი საბოლო გაანაჩენს ელოდება. 
საიდუმლო საგამოძიებო ოპერაციის არეალი მოიცავდა ექვს ადგილს, სადაც იმართებოდა არალეგალური აზარტული თამაშები. განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პოლიციელებთან ერთად, აკრძალულ საქმიანობას ეწეოდნენ ნიუ იორკის სახანძრო სამსახურის თანამშრომელი, მისი შვილი და რამდენიმე ეჭვმიტანილი მეტსახელად "ლამაზი მაიკი", "მსუქანა ჯო" და მისი ძმა "ძროხა ჯო". 
55 წლის რალფ მასტრანტონიოს 5 წლით პატიმრობა ემუქრება, მაგრამ აღნიშნულ საქმიანობაში მისი მცირედი როლისთვის, როგორც მისი ადვოკატი ვარაუდობს, გაცილებით მსუბუქი სასჯელი დაუმტკიცდება. 

რუმები

ქართული უცხოური