წარმოუდგენელი "სლოუროლი" Irish Open-ზე

სლოუროლი - ეს არის მოქმედება, როდესაც ყველა ბეთინგ რაუნდი დამთავრებულია და მოთამაშე, რომელსაც ხელში ნატსი უჭირავს, შოუდაუნზე ყოყმანობს და არ ხსნის თავის კარტებს, რითიც გარკვეულწილად მოგების იმედს აძლევს მის ოპონენტს. სლოუროლი პოკერში ითვლება ერთ-ერთ შეურაცხმყოფელ და სამარცხვინო საქციელად, არ აქვს მნიშვნელობა ეს შემთხვევით მოხდა თუ გამიზნულად. სათამაშო მაგიდასთან ხშირია სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შეიძლება ფიზიკურშიც გადაიზარდოს, მაგრამ სლოუროლი ითვლება თამაშის ეტიკეტის ყველაზე მძიმე დარღვევად. 

ანდრეას განმა, გერმანელმა მოთამაშემ, მერვე ადგილი დაიკავა Irish Poker Open 2015-ზე, რომელიც საკმაოდ დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ მისმა საქციელმა მთელი პოკერის სამყარო აალაპარაკა. 

ირლანდიელმა პოკერის ლეგენდამ, დონაკა ო'დიმ (1.300.000 ჩიპით) გახსნა დარიგება მცირე ზომის რეიზით. მან A♣6♣-ით გააკეთა ფსონი 100.000 ჩიპის ოდენობით (ბლაინდები: 25.000/50.000; ანტე:5000). მაგიდის ყველა მონაწილემ გადაყარა კარტი. ანდრეას განმა კი პატარა ბლაინდიდან K♦Q♦-ით ქოლი ითამაშა. ქოლამდე მან საკმაოდ დიდხანს იფიქრა მოქმედებაზე, დაემატებინა თუ არა 75.000? უკან კი მას 180.000 ჩიპი დარჩა, რაც უკვე შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს. ფლოპი, რომელმაც ორივე მოთამაშეს ძლიერი ხელი მისცა ასე გამოიყურებოდა: A♦8♦6♦. გერმანელმა თავისი ნატსი ფლეშით ჩექი გააკეთა, ხოლო ო'დიმ, ორი წყვილით, 300.000 ჩიპით გაზარდა ფსონი, რაც გერმანელს ოლ ინ სიტუაციაში აყენებდა. 

ანდრეას განმა თითქმის მთელი წუთი გამოიყენა გადაწყვეტილების მისაღებად, მიეღო თუ არა მოწინააღმდეგის ოლ ინი აბსოლუტურად მომგებიანი ხელით. უნდა აღინიშნოს, რომ მას მხოლოდ 3 დიდი ბლაინდი რჩებოდა. მან გადმოაბრუნა მისი ფლეში, რასაც უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, როგორც სხვა მოთამაშეებისგან, ასევე კომენტატორების მხრიდანაც. "ეს სამარცხვინოა, ის ნამდვილად იმსახურებს წაგებას" - ამბობდნენ წამყვანები. ვერცერთ მონაცემთა ბაზაში ვერ მოიძებნა ინფორმაცია ანდრეას განის შესახებ, მას არანაირი წარსული არ აქვს პოკერის სამყაროში. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, თამაშობს თუ არა ის ონლაინ.

ვეტერანი მოთამაშის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დონაკა ო'დი საკმაოდ კარგად შეხვდა გერმანელის საქციელს. მან მხოლოდ მცირედი რეპლიკა გააკეთა ოპონენტის ქმედებაზე. 66 წლის გამოცდილ მოთამაშესა და WSOP-ის სამაჯურის მფლობელს ყველაფერი უნახავს პოკერის მაგიდასთან და ასეთი საქციელითაც გაკვირვებული არ დარჩენილა. 

და კვლავ დავუბრუნდეთ განვითარებულ მოვლენებს: თერნზე ამოსულ 7♣-ს არაფერი შეუცვლია. კომენტატორები კი ო'დის გულშემატკივრობდნენ და მისი რომელიმე აუტის ამოსვლას ელოდნენ. და აი რივერიც - 6♥, რომელმაც ირლანდიელს ფულ ჰაუსის დასრულების საშუალება მისცა. რივერის ამოსვლას მოჰყვა შეძახილები სხვა მოთამაშეების მხრიდანაც. ანდრეას განიც საკმაოდ მხიარული ჩანდა. რთული სათქმელია რივერის ამოსვლის დროს მიხვდა თუ არა, რომ ტურნირს ჩამოშორდა, თუ ეს სირცხვილისგან გამომდინარეობდა. სავარაუდოდ პასუხს ვერასდროს გავიგებთ. 

ნახეთ ვიდეო და განაჩენი თავად გამოიტანეთ

[video:https://www.youtube.com/watch?v=CDx_3UkGeds autoplay:0]

 

რუმები

ქართული უცხოური