სათაური კაზინოებზე ანთებული სამი შვიდიანის მსგავსად მიმზიდველი და ბანალურია. ინტელექტის დეფინიცია მრავალგვარი შეიძლება იყოს. არის ეს განათლება, ანუ ინფორმაციის ფლობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომელიც შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ გენეტიკით მიღებული სიმდიდრე? კამათი ამის შესახებ დაუსრულებლად შეიძლება. სავარაუდოდ ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა დაგვეკისრება, თუ ვიტყვით, რომ სამივე, ან თუ უფრო მეტ თვისებებს ჩამოვთვლით. რეალურად პასუხს არ აქვს მნიშვნელობა. სამივე ურთიერთდაკავშირებულია, გამომდინარეობს ერთმანეთისგან და იწვევენ ერთმანეთს. ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ სამივეს, ხოლო შემდგომ პოსტებში გაცილებით ვრცლად ვისაუბრებთ თითოეულ მათგანზე.
მოიგებთ თქვენ ფულს ბედბითით, კარგი მანევრით, მოწინააღმდეგის შეცდომით, პოზიციის გამოყენებით, აგრესიული ან პასიური ისტორიით, თუ უბრალოდ ინტერნეტთან კავშირის გათიშვით, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, - მოგებული თქვენ გეკუთვნით. შეიძლება თუ არა რომელიმე მათგანის უგელებელყოფა? პერიოდულად - რა თქმა უნდა, წლობით თამაშისას - არასდროს, ყველა მათგანი მნიშვნელოვანია! იგივე შეიძლება ითქვას ინტელექტზე.
ინფორმაციის ფლობა, სავარაუდოდ შეგვიძლია ჩავთვალოთ უპირველეს სიმდიდრედ, რომელიც მოთამაშეს უნდა ჰქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა ინფორმაცია იქნება კონკრეტულ მაგიდაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ, თუ მხატვრული ლიტერატურა, რომელიც წაგვიკითხავს. ინფორმაცია, რომელიც გამოსადეგი არ არის, არ შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციად. ყოველ მოვლენას, ყოველ კადრს, ბგერას, ფერს, სუნს, შეგრძნებას, აქვს მნიშვნელობა, იწვევენ შედეგს მომენტალურად და წლების განმავლობაში. რამდენიმე დღეში დავწერ სტატიას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ცოდნა ბიოლოგიის შესახებ გამოყენებულ იქნას თამაშის დროს (თუმცა ბიოლოგი არ ვარ).
ანალიტიკური აზროვნება - უნარი, რომელიც არის თანდაყოლილი და რომელიც შეიძლება ხელოვნური ჩარევის შედეგად გაუმჯობესდეს. ინფორმაციის ჭარბად მიღება თავისთავად აიძულებს გონებას იფიქროს მეტი, იფიქროს სწრაფად და იყოს შედეგზე ორიენტირებული. არსებობს უამრავი სავარჯიშო, რომელიც ავითარებს აზროვნებას, აძლიერებს მეხსიერებას, აჩქარებს გადაწყვეტილებების მიღებას, აუმჯობესებს არითმეტიკული გამოთვლების უნარსა და სისწრაფეს და ა.შ. ინტერნეტში მრავლად შეგიძლიათ იხილოთ ასეთი. მაგრამ უდიდესი სავარჯიშო, რომელიც გეხმარება აზროვნების განვითარებაში არის იძულება - სიტუაცია, როცა არ ჩანს გამოსავალი, არ გაქვს დასაყრდენი და არ გაქვს დრო. მაშინვე ჩნდება გამოსავალი, დრო - ანუ სისწრაფე და დასაყრდენი - საკუთარი შესაძლებლობები. ამერიკის ეკონომიკა არის ძლიერი, საზოგადოება - განვითარებული, პროფესიონალების ნაკლებობა არცერთი მიმართულებით არ შეინიშნება. ეს მოხდა ე.წ. "სექსუალური რევოლუციის" შემდეგ, როცა ახალგაზრდებმა დაიწყეს ოჯახების დატოვება და ადრეულ ასაკში, ყოველგვარი დასაყრდენის გარეშე დამოუკიდებელი ცხოვრება.
გენეტიკა - მოთამაშე ხარ, ან არ ხარ! კამათი ამ თემაზე შეიძლება. თუ შენ ხარ 180 სანტიმეტრი და უფრო დაბალი, შენ ვერასდროს იქნები პროფესიონალი კალათბურთელი. და ამაზე არავინ გამოთქვამს პრეტენზიას, - კალათბურთს სჭირდება გენეტიკურად მაღალი ადამიანი (წარმოდგენა რომ კალათბურთი სიმაღლეში ზრდის მცდარია). აქტიური სპორტის თითქმის ყველა სახეობა ცალსახად მოითხოვს გარკვეულ გენეტიკურ მახასიათებლებს. თამაშთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა. თანამედროვე მსოფლიოში გაცილებით მაღალანაზღაურებადია ინტელექტუალური შრომა, ვიდრე ფიზიკური ან სხვა სახის. პოკერიც სპორტის იმ სახეობებს მიეკუთვნება, რომელიც უმეტესწილად გონებაზეა დამოკიდებული. გონებრივი შესაძლებლობები არ არის ისეთი გამოკვეთილი, როგორიც ადამიანის ვიზუალური გარეგნობა, ან ფიზიკური მონაცემები. სწორედ ამიტომ ხდება ნებისმიერი გონებრივი შრომა ბევრისთვის მიმზიდველი იმის გაუცნობიერებლად, აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა. არსებობენ წარმატებული მოთამაშეები, მათ შორის საქართველოში, რომელთა ცოდნაც არ სცდება თამაშის წესებს და არსებობენ "მცოდნეები" რომლებიც განცვიფრებული სახით უყურებენ დარიგებულ ქულერს, რომლის შემოტევაც წლობით არ მთავრდება.





