2022 წლის WSOP-ის განრიგი ცნობილია
სულ რაღაც 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კორაი ალდემირმა 2021 წლის WSOP-ის მეინ ივენთი მოიგო. მიუხედავად დროის მცირე მონაკვეთისა, WSOP-ის მესვეურობა მსოფლიოს უდიდესი სატურნირო სერიის განრიგს უკვე აანონსებს.
2022 წლის WSOP ადგილმდებარეობას იცვლის და ახალ გარემოში გადადის. მისი მასპინძელი Bally იქნება, რომელიც უშუალოდ სერიების მსვლელობის დროს, Horseshoe-დ გადაკეთდება. Horseshoe იყო სწორედ ის ადგილი, სადაც 1970 წელს WSOP-ის პირველი სერია გაიმართა. "ეს წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანია WSOP-ისთვის, - განაცხადა სერიების აღმასრულებელმა დირექტორმა, თაი სტუარტმა, - ჩვენ ვგეგმავთ, რომ WSOP თავის ისტორიულ სახლს დაუბრუნდეს, მაგრამ რაც მთავარია, ეს ყველაზე დიდი და მასშტაბური ღონისძიება იქნება სერიების ისტორიაში."
WSOP, ტრადიციულად, $10.000 დოლარიან მეინ ივენთს ჩაატარებს, რომლის 2021 წლის ვერსიას 6.650 ადამიანი დაესწრო, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში COVID-19-ის შიში მძვინვარებდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სერიებზე პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავს - მათ შორის მათაც, ვისაც მსგავსი შეზღუდვები მიუღებლად მიაჩნია. მაგალითად, გასულ წელს, ალექს ფოქსენმა - თანამედროვე პოკერის ერთ-ერთმა დიდმა სახელმა, რომელიც ვაქცინაციას და პირბადის ტარების ვალდებულებას ეწინააღმდეგება, WSOP-ის ნაცვლად სხვა ტურნირებში მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი WSOP სტარტს 3 ივლისს აიღებს და 16 ივლისამდე გაგრძელდება.





