ფილ აივი WSOP-ზე გამოჩნდა
მის გამოჩენას ყველა ელოდა და აი, WSOP საზაფხულო სერიებზე ფილ აივის წლევანდელი დებიუტი შედგა! ის ერთი დღის დაგვიანებით, $10.000 დოლარიან მე-18 ივენთზე - Omaha Hi-Lo 8 or Better-ზე დარეგისტრირდა. უნდა ითქვას, რომ მისი მაგიდა ადვილი სათამაშო არ იქნება, რამდენადაც მაგიდასთან, აივის გარდა, ოქროს სამაჯურის კიდევ 4 მფლობელი ზის: ფილ ჰელმუტი, მაიკ ვოთელი, ჯონ რეისნერი და ანდრეი ზაიჩენკო.
გარდა ამისა, მაგიდის 8 მონაწილიდან ყველაზე დაბალი შემოსავალი მეთ ვუდვორდის ანგარიშზე ფიქსირდება, რომელსაც საერთო ჯამში $2.400.859 დოლარი აქვს მოგებული. მთლიანობაში, მაგიდაზე მყოფი მოთამაშეების კარიერულ შემოსავალს თუ შევკრებთ, $79.605.659 დოლარს მივიღებთ. შეიძლება ითქვას, რომ ჯერემი ჰართბერგი ყველაზე უიღბლო მოთამაშეა - არა იმ მიზეზით, რომ მისი შემოსავალი მხოლოდ $68.037 დოლარს შეადგენს, არამედ იმიტომ რომ ის ფილ ჰელმუტსა და ფილ აივის შორის ზის. მისთვის ბლაინდების მოპარვაც რთული იქნება და საკუთარი ბლაინდის დაცვაც.
ამ მომენტისთვის, ფილ აივის საერთო სატურნირო შემოსავალი $26.267.283 დოლარს შეადგენს. უცნობია, რამ აიძულა მას WSOP-ის ტურნირებში მონაწილეობის მიღება: WSOP-ის მიღწევებზე დადებულმა მილიონიანმა სანაძლეოებმა, თუ ოქროს სამაჯურის მოგების ჟინმა? ასეა თუ ისე, ფილ აივიმ მაკაუს პრივატული ქეშ-გეიმები დატოვა და ახლა ლას ვეგასშია. ნაკლებსავარაუდოა, რომ მან იაფიანი ტურნირები ითამაშოს, როგორც ამას დენიელ ნეგრანუ გეგმავდა. მისი სამიზნე მაქსიმალურად ძვირადღირებული ტურნირები და, რა თქმა უნდა, მეინ ივენთი იქნება.





