როგორ წააგო 66 წლის პენსიონერმა $200.000? - თაღლითობის საოცარი ისტორია
რამდენიმე დღის წინ, ჟურნალ Today Tonight-ში ავსტრალიელი პენსიონერის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც 66 წლის მამაკაცი განსაკუთრებულ თაღლითური სქემაზე ყვება.
პენსიაზე გასული ჯო (გვარის დასახელებისგან ის თავს იკავებს) დასასვენებლად ბალიში - ინდონეზიაში ჩავიდა, სადაც მან ახალგაზრდა ქალი გაიცნო. დამეგობრების შემდეგ, ახალგაცნობილმა მეგობარმა ჯო საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გასაცნობად დაპატიჟა. სადილის შემდეგ, ჯო პოკერის საოჯახო თამაშზე მოხვდა. მიუხედავად ჯოს მტკიცებისა, რომ მას აზარტული თამაშების მიმართ არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, ოჯახის თხოვნით, ისიც სათამაშო მაგიდასთან აღმოჩნდა. ოჯახმა ჯოს პოკერის თამაში პირველი საფეხურიდან ასწავლა.
ნელ-ნელა თამაში აქტიურ ფაზაში შევიდა და საქმეში რეალური ფული და რეალური ფსონები ჩაერთო. გარკვეული დროის შემდეგ, თამაშს ოჯახის ახლობელი, მიმდარი ბიზნესმენი შეუერთდა, რომელსაც ქეისით ფული ჰქონდა მოტანილი. თავდაპირველად, ჯო გამუდმებით იგებდა, რამაც მას დაუმარცხებლობის შეგრძნება გაუჩინა. თამაში სულ უფრო იძაბებოდა, რასაც ფსონების ზრდა ახლდა თან. ერთ-ერთი დარიგების დროს, ოჯახის ახლობელმა ბიზნესმენმა $50.000 დოლარიანი ბეთი გააკეთა, ჯოს კი საკმარისი თანხა არ ჰქონდა, რათა მოწინააღმდეგის შეტევისთვის ეპასუხა. ჯომ საკუთარი ხელი ოჯახის წევრებს გაანდო, რომლებმაც ჯოს გარანტია მისცეს, რომ მოცემულ სიტუაციაში მას წაგება არ შეეძლო.
ამ მომენტიდან, ისტორია კიდევ უფრო დაუჯერებელ განვითარებას იძენს: ჯო საკუთარ ქალაქში - პერტში დაბრუნდა, თავის ბანკს მიაკითხა და $50.000 დოლარი $100 დოლარიანი კუპიურებით მოითხოვა, რათა უკან დაბრუნებულიყო და მოწინააღმდეგის ბეთისთვის ეპასუხა. 10 დღიანი პაუზის შემდეგ, თამაში კვლავ განახლდა და, რა თქმა უნდა, ჯომ დარიგება წააგო. როგორც ის იხსენებს, მას ხელში 21 ეჭირა - საინტერესოა, პოკერის რომელი სახეობა ასწავლეს ავსტრალიელ პენსიონერს, სადაც ბლექჯექის საუკეთესო ხელი ფიგურირებს?
ისტორია აქ არ მთავრდება: მოგვიანებით, ჯო ახალგაცნობილი მეგობრის ოჯახის ახლობლებს შეხვდა, რომლებსაც $100.000 დოლარი მიუტანა - როგორც მათი პირობიდან ირკვეოდა, ჯო მანილაში, დიდ ქეშ-გეიმზე მიემგზავრებოდა. ოჯახის მეგობრებმა საკუთარი ნივთები, მობილური ტელეფონების ჩათვლით, ჯოს დაუტოვეს, რომელზეც ის ზემოთხსენებულ მდიდარ ბიზნესმენს ესაუბრებოდა, ხოლო თავად ფულის გადასარიცხად წავიდნენ. რა თქმა უნდა, ოჯახის მეგობრები უკან არასდროს დაბრუნებულან.
როგორც აღმოჩნდა, თაღლითობის მსგავსი სქემა საკმაოდ გავრცელებულია: მომხმარებელთა დაცვის ავსტრალიური კომისიის თავჯდომარე, პენი ლიპსკომბი განმარტავს, რომ მსგავს 'გაუგებრობაში' უამრავი ავსტრალიელი ეხვევა. თაღლითები მსხვერპლთან ახლო კონტაქტში შედიან, მათ პოკერის მეგობრულ თამაშზე პატიჟებენ, სადაც დინამიკა ნელ-ნელა აქტიურდება და მძიმდება; მსხვერპლს ეუბნებიან, რომ მას დაუმარცხებელი ხელი აქვს, რაც მოგვიანებით ტყუილი აღმოჩნდება. მომხმარებელთა დაცვის კომისია ავსტრალიელ დამსვენებლებს მკაცრად აფრთხილებს, რომ მაქსიმალურად აირიდონ თავიდან ინდონეზიაში და ფილიპინებში გამართული პრივატული ქეშ-გეიმები, რამდენად მიმზიდველადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი.





