გას ჰენსენი ყოფილ ბიზნეს პარტნიორს სასამართლოში დაუპირისპირდა
გასული რამდენიმე დღის განმავლობაში, ვეტერანი მოთამაშე, გას ჰენსენი ლეგალურ დავაში ჩაერთო. მსოფლიო პოკერის ლეგენდა ყოფილ ბიზნეს პარტნიორსა და ძველ მეგობარს, რასმუს ნორს $150.000 დოლარიანი დავის გამო სასამართლოში დაუპირისპირდა.
გას ჰენსენმა 'ინსტაგრამზე' ორი ვიდეო დადო, სადაც დანიელი მოთამაშე კოპენჰაგენის სასამართლო დარბაზის წინ პოზირებს. ვიდეოში, ჰენსენი ძველ სიბრძნეს იხსენებს და ამბობს, რომ მეგობრები და ფული ერთმანეთში არასდროს არ უნდა აურიო.
დავა 2015 წელს დაიწყო, როდესაც ჰენსენმა რასმუს ნორის მუსიკალურ ფესტივალში ფულის ჩადება გადაწყვიტა. 2012 წელს, ნორმა დანიის მუსიკალური ფესტივალის იდეა წამოჭრა, რასაც მეგობრის აქტიური მხარდაჭერა მოჰყვა. 2015 წელს, ნორის ბიზნესში ჰენსენმა 250.000 კრონი - დაახლოებით $40.000 დოლარი ჩადო. მოგვიანებით გაირკვა, რომ თანხა არასაკმარისი იყო და ჰენსენმა კიდევ 1.7 მილიონი კრონის ინვესტიცია განახორციელა. 2016 წელს, ჰენსენმა პროექტიდან გასვლა განიზრახა და მეგობარს მისთვის განკუთვნილი დივიდენდი მოთხოვა. ნორმა ჰენსენის წინადადებაზე უარი თქვა, ხოლო მოგვიანებით განმარტება გააკეთა, რომ ჰენსენის ფული დაქირავებულ ტექნიკასა და დარბაზებში გადაიხადა, თავად კი წარმატებით გამართული 22 კონცერტისთვის შესაბამისი ანაზღაურება მიიღო.
'ინსტაგრამზე' გამოქვეყნებულ უკანასკნელ ვიდეოში, გას ჰენსენი თავის მეგობარს დონალდ ტრამპს ადარებს: "მეგონა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი მატყუარა დონალდ ტრამპი იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დანიაშიც მოგვეძებნება ადამიანი, რომელიც მას სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა. მოსამართლემ მოისმინა ჩვენი საქმე. საბოლოო შედეგი 6 თვეში დადგება. მე ისღა დამრჩენია, დავისვენო და მოსამართლის განაჩენს დაველოდო."





