ჯერარდ პიკე PokerStars Barcelona Championship-ზე
ბარსელონაში ჩატარებული პოკერის ტურნირები ინდუსტრიის დიდ სახელებს ყოველთვის იზიდავდნენ. ამჯერად, PokerStars-ის მიერ გამართულ ჩემპიონატს ბარსელონას ლეგენდარული ფეხბურთელი, ჯერარდ პიკე დაესწრო.
სათამაშო მაგიდებთან პიკეს გამოჩენა სურპრიზი არავისთვის ყოფილა - 30 წლის სუპერვარსკვლავი პოკერის ტურნირებს ხშირად ესწრება. როგორც ჩანს, ფეხბურთის გარდა, პიკე ბანქოშიც დაოსტატდა: €25.000 ევროიან Single Day High Roller-ზე მან არაჩვეულებრივი თამაში აჩვენა და მე-5 ადგილზე გავიდა. ბარსელონას მენეჯმენტის მიერ გადახდილ რამდენიმემილიონიან ხელფასს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა ტურნირზე მიღებული ანაზღაურება პიკესთვის დიდი არაფერი იყოს, მაგრამ ნებისმიერი მოთამაშისთვის €129.350 ევრო სოლიდურ საპრიზო თანხად ჩაითვლება.
PokerNews-ის ჟურნალისტმა, სარა ჰერინგმა პიკეს რამდენიმე კითხვა დაუსვა:
სარა ჰერინგი: ყველაზე დიდი მიღწევა?
ჯერარდ პიკე: ზუსტად არ ვიცი... ვიყო კარგი მამა.
სარა ჰერინგი: საოჯახო თამაშზე, ვის მიიწვევდი სტუმრად?
ჯერარდ პიკე: რთული სათქმელია. ალბათ, მესი, ლუი სუარესი და ინიესტა.
სარა ჰერინგი: წარმოდგენა არ მაქვს ვინ არიან ეს ადამიანები... შინაური ცხოველი თუ გყავს?
ჯერარდ პიკე: არა.
სარა ჰერინგი: თავისუფალი ადამიანი ყოფილხარ. ვინაა საუკეთესო მეგობარი ფეხბურთელებიდან?
ჯერარდ პიკე: პუიოლი და ფაბრეგასი. წესით, არც ეს სახელები გეტყვის რამეს.
სარა ჰერინგი: მართალი ხარ. გავიგე, რომ ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ყოფილხარ ამ ზაფხულს. როგორი იყო?
ჯერარდ პიკე: იქ რამდენიმე დღე გავატარე. ბავშვობაში, მახსოვს, როგორი მოსაბეზრებელი იყო სკოლა. აქ კი ყველაფერი სხვანაირი ჩანდა.
სარა ჰერინგი: როცა ცნობილ ადამიანს ნახულობ, რამდენად ემოციური ხდები?
ჯერარდ პიკე: როცა ახალგაზრდა ვიყავი, მაშინ გაცილებით გამოვხატავდი აღტაცებას. ეს წარსულში დარჩა.
სარა ჰერინგი: როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად გამოგდის. რა არის შენი სუსტი მხარე?
ჯერარდ პიკე: თხილამურზე დგომა.
სარა ჰერინგი: როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს რამდენიმე სიტყვით?
ჯერარდ პიკე: მხიარული, ბედნიერი, გულწრფელი.





