დიმიტრი ურბანოვიჩი PartyPoker-ის გუნდს შეუერთდა
პოლონელი მოთამაშე, რომელიც მშობლიური ქვეყნის მასშტაბით ყველაზე წარმატებული და მომგებიანი გემბლერის სტატუსს იკავებს, PartyPoker-ის პროფესიონალთა გუნდს შეუერთდა. დიმიტრი ურბანოვიჩი ისეთი მოთამაშეების გვერდით დადგება, როგორებიც მაიკ სექსტონი, ტონი დანსტი, სემ ტრიკეტი და ჯონი ლოდენი არიან.
PartyPoker-ის მიერ დიმიტრი ურბანოვიჩის პროფესიონალთა გუნდში აყვანა, ზოგადად პოკერის ინდუსტრიისთვის, დადებით მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. 2000-იანი წლებისთვის, როდესაც პოკერი სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობდა, პოკერ-რუმები აქტიურად სთავაზობდნენ მოთამაშეებს რომელიმე ბრენდის ქვეშ გაერთიანებას. უკანასკნელ წლებში კი, როგორც სათამაშო ინდუსტრიის უამრავი ექსპერტი აღნიშნავს, პოკერ-რუმებმა პროფესიონალი მოთამაშეების დასპონსორება შეწყვიტეს, რაც ინდუსტრიის დაღმასვლაზე მიანიშნებდა. PokerStars-იც კი საკუთარი გუნდის დაკომპლექტებას ისეთი სახეებით ცდილობდა, რომლებსაც პოკერთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. უკანასკნელი ინფორმაციით, Stars-ის პროფესიონალთა გუნდს მსახიობი კევინ ჰართი შეუერთდა, რომელიც სათამაშო გამოცდილებით ნამდვილად ვერ დაიტრაბახებს. პროფესიონალი მოთამაშეების პოკერ-რუმებში დაბრუნება კი შეიძლება მნიშვნელოვან დადებით ტენდენციად მივიჩნიოთ.
ურბანოვიჩმა პირველად 2015 წელს გაიბრწყინა, როდესაც EPT Malta-ს ფარგლებში 4 ტურნირის მოგება მოასწრო, მათ შორის - €25.000 ევროიანი ჰაი როლერის, €600.000 ევროთი პირველი ადგილისთვის. არნახულად წარმატებული სერიების მიუხედავად, ურბანოვიჩის ყველაზე დიდი ანაზღაურება 2017 წლით თარიღდება, როდესაც ის მონტე კარლოში ჩატარებული, €100.000 ევროიანი სუპერ ჰაი როლერის ფინალურ ჰედს-აპში ლეგენდარულ ერიკ საიდელს დაუპირისპირდა. მაშინ პოლონელმა მოთამაშემ, მეორე ადგილისთვის, $1.600.000 დოლარზე მეტი მიიღო. ამჟამად, 22 წლის პროფესიონალი მოთამაშის სატურნირო კარიერა $5.2 მილიონ დოლარს ითვლის, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო, ხოლო პოლონეთში - უპირობოდ ნომერ პირველი შედეგია.
"მოუთმენლად ველი PartyPoker-ის გუნდში გაწევრიანებას, - ამბობს ურბანოვიჩი, - უკვე მოვასწარი PartyPoker Millions Sochi-ზე დასწრება და უნდა ვთქვა, რომ სოჭში გამართული ტურნირების სერია ჩვენი პოკერ-რუმის დიდ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. რა თქმა უნდა, ვემზადები $20.000.000 Powerfest-ის ონლაინ ტურნირების სერიისთვის, რომელიც 7 მაისს დაიწყება. PartyPoker-ს ძალიან ბევრი სატურნირო გაჩერება აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ყველა მათგანზე თამაშს ვერ მოვახერხებ."





