
სიმართლე რომ ითქვას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ონლაინ თამაშობთ თუ კაზინოში - პოკერი ყოველთვის პოკერია, ერთი და იგივე წესებითა და ერთნაირი მანევრებით. კაზინოშიც და ინტერნეტშიც ფლეში სთრეითზე უკეთესია, მოთამაშეები ერთნაირად ცდილობენ ბლეფის გაკეთებას და ორივე შემთხვევაში უამრავი ქულერი რიგდება. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად საქმე იგივე თამაშთან გვაქვს, ბევრი პროფესიონალი ონლაინ და ლაივ პოკერს შორის ისეთ განსხვავებას ხედავს, როგორიც ჭადრაკსა და შაშს შორისაა.
არცისე შორეულ წარსულში შესაძლებელი იყო ონლაინ და ლაივ პროფესიონალების ნახვა, რომლებიც ერთმანეთისგან მკვეთრად გამიჯნავდნენ საკუთარი საქმიანობის სახეობას: 'ლაივ პოკერის პროფესიონალები' საკმაოდ ნეგატიურად მოიხსენიებდნენ ონლაინ მოთამაშეებს და ინტერნეტში გამართული სესიების წარუმატებლობაზე იმით იმართლებდნენ თავს, რომ ეს 'ნამდვილი პოკერი' არ იყო. ხდებოდა პირიქითაც: ონლაინ გრაინდერები დიდ პრობლემებს აწყდებოდნენ კაზინოებში თამაშის დროს და მათი მათემატიკური უნარები და რთული სტრატეგიები ადვილად იჩაგრებოდა ლაივ მოთამაშეების გამჭოლი, გამომცდელი მზერით.
დღეს ასეთი მკაფიო ზღვარი ონლაინ და ლაივ პოკერს შორის, პრაქტიკულად, წაშლილია. დღევანდელი ონლაინ გრაინდერები, ამავე დროს, ჰაი სტეიკს ლაივ ქეშ-გეიმების აქტიურ მოთამაშეებად გვევლინებიან და პირიქით. მათემატიკა, ფსიქოლოგია და ბოდილენგვიჯი იმდენად შესისხლხორცდა თანამედროვე პოკერში, რომ ის ამ თამაშის მცოდნეს ყველგან ექნება ლუკმა-პურის მოპოვების საშუალება, ხოლო ნაკლებადგამოცდილი მოთამაშე ნებისმიერ შემთხვევაში დაიჩაგრება.
მიუხედავად თამაშის განვითარებისა, სადაც ყველაფერი ერთმანეთში აირია, ონლაინ და ლაივ პოკერს შორის მაინც არსებობს გარკვეული განსხვავებები, რასაც ნებისმიერი გამოცდილი მოთამაშე შეამჩნევს. ამ ბლოგში სწორედ ასეთ განსხვავებებზე გვექნება საუბარი.
ბეთ საიზინგი - ყველაზე ადვილად შესამჩნევი განსხვავება ფსონების მოცულობაა. ონლაინ პოკერის მოთამაშეებს ეცოდინებათ, რომ სტანდარტული პრეფლოპ რეიზი 2 ან 2.5 ბიგ ბლაინდია, ზოგ შემთხვევაში 3-იც. ლაივ ქეშ-გეიმების შემთხვევაში კი ყველაფერი იცვლება: აქ შეიძლება ნახოთ 5, 6 ან 10 ბიგ ბლაინდის ზომის პრეფლოპ რეიზი. სავარაუდოდ, ასეთი განსხვავება იმითაა გამოწვეული, რომ ლაივ თამაშებზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში, გაცილებით ნაკლები ხელი რიგდება, ხოლო მოთამაშეებს მასიური ბანკების თამაში და დიდი ფულის მოგება სურთ. ასევე აშკარა განსხვავებაა პოსტ ფლოპ ბეთ საიზინგში - გამოუცდელი მოთამაშეების უმეტესობა, რომლებიც ბანკში ჩადებულ თანხას სწრაფად ვერ ითვლიან, ხშირად, ბანკის მოცულობაზე გაცილებით დიდ ბეთს აკეთებენ, მაშინ როცა ონლაინ თამაშებისას სტანდარტული პოსტ ფლოპ რეიზი ბანკის 1/2-ს ან 2/3-ს შეადგენს.
მულტივეი და ჰედს-აპ დარიგებები - როგორც უკვე ვთქვით, ლაივ ქეშ-გეიმებზე გაცილებით ლუზ თამაშის ნახვაა შესაძლებელი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ლაივ თამაშებზე გაცილებით მეტი ქოლი კეთდება, ვიდრე ონლაინ. ეს კი მულტივეი პოტებს იწვევს - დარიგება, როდესაც ფლოპის სანახავად 3, 4 ან მეტი მოთამაშე შედის თამაშში. ონლაინ პოკერში კი, უმეტეს შემთხვევაში, ჰედს-აპ პოტებს თამაშობენ, რადგან რეიზსა და რირეიზს აქ გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა. გარდა ამისა, ლაივ თამაშებზე დარიგებაში ლიმპით შესვლა საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, რამაც შეიძლება 5-6 მოთამაშიანი დარიგება გამოიწვიოს.
ბედ ბითების სიხშირე - მიუხედავად იმისა, რომ პრეფლოპ ლიმპი და ადვილი ქოლები ლაივ პოკერის დამახასიათებელი ასპექტია, ონლაინ პოკერის მოთამაშეები გაცილებით მეტ ქოლს აკეთებენ პოსტ ფლოპ, ვიდრე ლაივ მოთამაშეები. ეს ძირითადად მიკრო ლიმიტებზე ხდება - ფულის სიმცირის გამო მოთამაშეები ადვილად ნახულობენ შემდეგ კარტებს. ლაივ ქეშ-გეიმზე კი მოთამაშეს საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს თერნის ან რივერის სანახავად, რაც პოსტ ფლოპ ქოლების სიმცირეს იწვევს. სწორედ ამიტომ, ონლაინ მოთამაშეები გაცილებით მეტ ბედ ბითს ღებულობენ, ვიდრე ლაივ ქეშ-გეიმერები. გარდა ამისა, დროის გარკვეულ ინტერვალში, ონლაინ პოკერ-რუმებში გაცილებით მეტი ხელი რიგდება, ვიდრე კაზინოებში, რაც ასევე იწვევს ბედ ბითებისა და ქულერების სიმრავლეს.
დარიგებების რაოდენობა - როგორც უკვე ვთქვით, ერთ-ერთი მთავარი განსხვავება, თამაშის ამ ორ მოვლენას შორის, დარიგებების რაოდენობაა. გარდა იმისა, რომ ონლაინ მოთამაშეები გაცილებით სწრაფად ღებულობენ გადაწყვეტილებებს, პოკერ რუმი ბევრად სწრაფად არიგებს კარტებს, ვიდრე რეალური დილერი. მაშინ როცა კაზინოში, ერთი საათის განმავლობაში დაახლოებით 30 ხელი დაგირიგდებათ, პოკერ-რუმში, იგივე დროში, 70-80 ან მეტ ხელს ნახავთ. ბედ ბითებისა და ქულერების გარდა, ონლაინ პოკერში, ნებისმიერი სხვა მოვლენის გაცილებით ხშირად ხილვაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ონლაინ გრაინდერები, ხშირად, უარს ამბობენ კაზინოში თამაშზე.
ონლაინ და ლაივ პოკერის თელსები - თელსი, იგივე მინიშნება, რაც პოკერის ერთ-ერთ მიმზიდველ მხარეს წარმოადგენს, თამაშის მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ფაქტიურად დაკარგულია ინტერნეტ სივრცეში. საკუთარი კომპიუტერის მონიტორთან ჯდომისას შეუძლებელია დაინახო მოთამაშის რეაქცია დარიგებულ კარტზე, რეიზებზე, სხვადასხვხა მოქმედებებზე. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვერ იგებენ ინტერნეტში ლაივ პოკერის მოთამაშეები. ზუსტად იგივე მიზეზით, ონლაინ მოთამაშეებს, რომლებიც არ არიან საკუთარი სხეულის რეფლექსების გაკონტროლებას მიჩვეულები, კაზინოს რეგულარები ადვილად კითხულობენ. რა თქმა უნდა, ონლაინ პოკერშიც არსებობს გარკვეული მინიშნებები, როგორიცაა: ბეთ საიზინგი, თაიმინგი (მოთამაშის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად დახარჯული დრო), მაგიდის დინამიკა, მოთამაშის ნიკი, მოთამაშის მაგიდების რაოდენობა და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი შორსაა იმისგან, რისი ნახვაც კაზინოშია შესაძლებელი.