პოკერის მოთამაშეს ფართომასშტაბიან თაღლითობაში ედება ბრალი
როგორც ნიუ იორკის პროკურატურა იუწყება, თხუთმეტ ეჭვმიტანილს, მათ შორის ცნობილ მოთამაშეს, 37 წლის ტრეველ ტომასს, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ თაღლითობაში ედებათ ბრალი, რომლის დროსაც ბრალდებულებმა $31 მილიონი დოლარის მოტყუებით მითვისება მოახერხეს.
ტრეველ ტომასი გადასახადების ამომღები ერთ-ერთი კომპანიის მეწილე და ვიცე-პრეზიდენტია. პოკერის სამყაროში ცნობილი "შავი პარასკევის" პერიოდიდან მოყოლებული, აღნიშნული კომპანია და მისი თანამშრომლები ათასობით მოთამაშეს ატყუებდნენ, აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, რის შედეგადაც, მთლიანობაში, $31 მილიონი დოლარის გამოძალვა შეძლეს. ბრალდებულები, მსხვერპლს აჯერებდნენ, რომ მას სახელმწიფო კომპანიასთან ჰქონდა კავშირი, ხოლო გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა.
2010-2015 წლებში ათასობით ამერიკელმა დაიჯერა, რომ კომპანია სამართალდამცავ და გადასახადების ამომღებ ორგანოებთან იყო დაკავშირებული და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. საბრალდებო დასკვნა, ასევე, ასაჯაროებს ტრეველ ტომასის ერთ-ერთ ტრანზაქციას, რომლის მიხედვითაც მას $750.000 დოლარი გადაერიცხა. აღნიშნული თანხა მოთამაშის პირად ინტერესებს მოხმარდა, როგორიცაა პირადი სათამაშო ხარჯები, სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთები, საქორწინო ხარჯები, მისი მეუღლის კოსმეტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებული ხარჯები და ა.შ.
ტრეველ ტომასი, მოთამაშის კარიერაში, $510.885 დოლარსა და WSOP Circuit-ის ორ ბეჭედს ითვლის. პირველი მათგანი 2011 წელს, ატლანტიკ სიტიში გამართულ $830 დოლარიან ჰოლდემის ივენთზე მოიგო, $30.445 დოლარით პირველი ადგილისთვის; ხოლო მეორე - 2013 წელს, ისევ ულიმიტო ჰოლდემის ივენთზე, რომლის მოგებისთვისაც $30.371 დოლარი მიიღო.
ნიუ იორკის პროკურატურის თანამშრომლების განცხადებით, აღნიშნული ბრალდება, გადასახადების ამოღებასთან დაკავშირებით, ყველაზე ფართომასშტაბიანი თაღლითური სქემაა, რაც კი ოდესმე სამსახურს გამოუძიებია. "ბრალდებულებმა არნახული სისასტიკე გამოიჩინეს ამერიკის მოქალაქეების მიმართ, - ამბობს ნიუ იორკის პროკურატურის წარმომადგენელი, - მათ გამოიყენეს ყველა შესაძლებლობა და ყველა მეთოდი, რათა ადამიანები შეცდომაში შეეყვანათ. ისინი არ ერიდებოდნენ არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც რეალურ დავალიანებაზე გაცილებით მეტის გადახდა უწევდათ. კრიმინალური პოლიციის დაუღალავი შრომის შედეგად კი, მათი თაღლითური საქმიანობა გამოაშკარავდა, რაც ათასობით ამერიკელის ჯიბეზე აისახება."





