ფილ ჰელმუტი მე-14 სამაჯურს იგებს

რა იქნებოდა WSOP ფილ ჰელმუტის გარეშე? სხვადასხვა ონლაინ ჟურნალებსა და გამოცემებს საწერი მასალა შემოაკლდებოდათ. თუმცა არამხოლოდ ეს...  მანიმეიკერის ეფექტის შესახებ ყველა საუბრობს, მაგრამ ამ ტურნირისა და ზოგადად პოკერის პოპულარიზაციისთვის, იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ამაზე მეტი აქვს გაკეთებული. 1989 წლიდან მოყოლებული, ის თამაშის უმაღლეს დონეს აჩვენებს. 

დღეს, 9 ივნისს, რამდენიმე საათის წინ ფილ ჰელმუტმა, კიდევ ერთი, რიგით მე-14 სამაჯური დაუმატა თავის WSOP-ის ბორდს. 2012 წელს, მან სევენ-ქარდ რაზში მოპოვა მე-12 სამაჯური. ეს მისი პირველი WSOP-ის მოგება იყო არაჰოლდემ ივენთში. წელსაც, 50 წლის ამერიკელმა პროფესიონალმა, ისევ სევენ-ქარდ რაზის ივენთში, 103 მოთამაშეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და საგრძნობლად გაიუმჯობესა პოზიციები ფილ აივისთან, დოილ ბრანსონთან და ჯონი ჩენთან, რომლებიც 10-10 სამაჯურის მფლობელები არიან. 

"ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, - თქვა ჰელმუტმა თამაშის შემდეგ, - მთელი ტურნირის განმავლობაში ვცდილობდი ტურნირის შედეგზე არ მეფიქრა. ერთადერთი ფიქრი, რაც თავში მომდიოდა იყო 'ითამაშე საუკეთესოდ, ითამაშე საუკეთესოდ, ითამაშე საუკეთესოდ...' ყოველთვის როცა აქ მოვდიოდი, ჩემი ერთადერთი მიზანი WSOP-ის სამაჯურის მოგება იყო. ახლა კი გადავწყვიტე, უბრალოდ კარგი თამაში მეთამაშა და თუ მოვიგებდი მხოლოდ ამის მერე ვყოფილიყავი კმაყოფილი და მხოლოდ ამის მერე გამხსენებოდა ჩემი რეკორდი. 2012-ში, როცა პირველად მოვიგე რაზის ტურნირი, ვიფიქრე, რომ ამ თამაშს კარგად გავართმევდი თავს. ახლა კი მგონი რაღაც ნამდვილად გამომდის." 2012 წლის მოგების გარდა, 2014 წელს ჰელმუტი რაზის ტურნირის მოგებასთან ისევ ახლოს იყო, მაგრამ ფინალური ჰედს-აპი ტედ ფორესტთან დათმო. 

უცნაურია,მაგრამ ფილ ჰელმუტის Poker Brat იმიჯი, ამჯერად, დაჩრდილული იყო. როგორც ამერიკელმა პრომ თქვა, ტვიტერზე ორი უცენზურო მესიჯის დაწერა სცადა, მაგრამ 'ტვიტი' რატომღაც არ გამოქვეყნდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან მშვიდი თამაში. ბოლო წლებში, ფილ ჰელმუტისგან იშვიათად ნახავთ აგრესიას და არანორმატიულ ლექსიკას, რისთვისაც ის ცნობილი იყო (გარდა პოკერის შედეგებისა), მაგრამ წლევანდელ WSOP-ზე მისი სიმშვიდე, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო მისი ახლო მეგობრის გარდაცვალებით.  

ტრადიციულად, 'პოკერ ბრატი' თავის სამაჯურებს ყოველთვის ვინმეს ჩუქნის. ამჯერადაც, რეკორდსმენმა მოთამაშემ, მეთოთხმეტე სამაჯური თავის გარდაცვლილ მეგობარს, დეივ გოლდბერგს მიუძღვნა - "ერთი თვის წინ მე მეგობარი დავკარგე, დეივ გოლდბერგი, - თქვა ჰელმუტმა, - ეს სამაჯური დეივის ცოლს და შვილებს მინდა დარჩეს." 

გარდა სამაჯურისა, ჰელმუტმა $271.105 დოლარი მოიგო, თუმცა ეს მისთვის მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ მან დღეს, კიდევ ერთხელ შექმნა ისტორია. მისი კარიერული მოგება $18.054.002 დოლარამდე გაიზარდა. ამჟამად ის მეშვიდე ადგილზეა სატურნირო მოგებების სიაში. მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და წარმატებულადაც, მას ამ ტურნირის ლაინ აფშიც არ გაუმართლა და ისეთი პროფესიონალების წინააღმდეგ მოუწია თამაში, როგორებიც ერიკ საიდელი, მაიკ გოროდინსკი, ბრენდონ შაკ-ჰარისი, ტომას კელერი და მაიკ ლი არიან. ერიკ საიდელი მეთერთმეტეზე გავიდა, ხოლო სამაჯურის მფლობელი შონ დიბი - მეცხრეზე. ლაინ აფი აშკარად აჩვენებს, როგორი სირთულეების გადატანა მოუხდა 'პოკერ ბრატს' ტურნირის მოსაგებად. 

ჰედს-აპი ფილ ჰელმუტსა და მაიკ გოროდინსკის შორის გაიმართა, რომელმაც ფინალური დაპირისპირება, ჩიპების ორმაგი უპირატესობით დაიწყო, თუმცა ჰელმუტმა გარდატეხის შეტანა მოახერხა და ჩიპლიდერის პოზიცია მალევე დაიკავა. ბლაინდების ზრდასთან ერთად, სვინგიც იზრდებოდა. რამდენიმე გადამწყვეტი ხელის შემდეგ, მაგიდაზე არსებული 3.1 მილიონი ჩიპიდან, გოროდინსკის მხოლოდ 55.000 ჩიპი ჰქონდა. მან ორჯერ მოახერხა გაორმაგება, მაგრამ მესამე გათამაშება და ოლ ინი უშედეგო აღმოჩნდა, რამაც ფილ ჰელმუტს რეკორდის გაუმჯობესების საშუალება მისცა. 

1989 წელს, 24 წლის ფილ ჰელმუტმა, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ლეგენდარული ჯონი ჩენი დაამარცხა. მისი სახელი დღემდე აქტუალურია, ის დღემდე საუკეთესო ტურნირებს იგებს. 2012 წელს WSOP Europe მეინ ივენთის მოგებით, ის პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ორ კონტნინეტზე მეინ ივენთის მოგება შეძლო. ის რეკორდს ფლობს არამხოლოდ სამაჯურების რაოდენობით, არამედ ყველაზე მეტი WSOP-ის ფინალური მაგიდითა და WSOP-ის საპრიზო ადგილებით. როგორც ჰელმუტი აცხადებს, მას 24 სამაჯურის მოგება აქვს გადაწყვეტილი. 

ფინალური დარიგება

რუმები

ქართული უცხოური