ორეგონელმა ანჯელა ჯორდისონმა ზედიზედ სამი ტურნირი მოიგო
ანჯელა რადიკ ჯორდისონმა დიდი ხმაური გამოიწვია პოკერის სამყაროში. მან Spring Poker Round Up-ის სამი ივენთი ზედიზედ მოიგო. 2006 წლიდან 2013 წლამდე მას მცირე მოგებები ჰქონდა ლას ვეგასში და პენდელტონში, მაგრამ მისი შემოსავალი არ არის ცნობილი, რადგან მისი კარიერა არასდროს აღრიცხულა.
ორეგონის შტატის მაცხოვრებელს, რომელიც ადგილობრივი ბარის მფლობელია, ორი შვილი ჰყავს. ის უკვე ათ წელზე მეტია პოკერს თამაშობს, მაგრამ ლაივ ტურნირებში მონაწილეობა მისთვის ძალიან დიდი იშვიათობაა, რადგან კაზინოები მისი საცხოვრებელი ადგილიდან რამდენიმე საათის სავალ გზაზეა.
"ბოლო სამი ტურნირი ძალიან რთული იყო ჩემთვის. ამ სამი დღის განმავლობაში იმაზე გაცილებით მეტი ჰედს-აპი ვითამაშე, ვიდრე ცხოვრებაში მაქვს ნათამაშები. ასეთი ინტენსივობით თამაში ძალიან გამიჭირდა. იყო უამრავი სიტუაცია, როცა გამიმართლა და გავუძელი დიდ დროინგ ჰენდებს, ბედ ბითებსა და ბლეფებს" - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
სამივე ტურნირი ულიმიტო ჰოლდემს მოიცავდა, მაგრამ მესამე მათგანი შუტაუტის ფორმატით ჩატარდა. "მესამე ტურნირი ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩემთვის. შუტაუტი დიდ კონცენტრაციას მოითხოვს, მე კი იმდენად ვიყავი დაღლილი, რომ ძლივს ვიკავებდი თავს, რათა არ ჩამძინებოდა".
მიზეზი, რატომაც ჯორდისონის მოგებები ასეთ ხმაურს იწვევს არის ამ ტურნირების მონაწილეთა რაოდენობა. პირველ მათგანში მან აჯობა 537, მეორეში 448, მესამეში კი 214 მოთამაშეს. თუმცა მისი შრომა შესაბამისად დაფასდა. ამ ტურნირებისთვის ჯორდისონმა $37.907 დოლარი მოიგო, რაც მის კარიერულ მოგებას დაახლოებით $87.000 დოლარამდე ზრდის. მისი წარუმატებლობა მეოთხე ივენთზე მოვიდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ეს საჭიროც იყო, რადგან მეტ დატვირთვას იგი ვეღარ გაუძლებდა.
ჯორდისონის თქმით ეს მოგება დროული იყო. მის ოჯახს თანხა ესაჭიროებოდა - ორივე შვილი უმაღლესი განათლების მიღებას აპირებს, რაც ამერიკაში დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ის რა თქმა უნდა აპირებს თამაშის გაგრძელებას, რაშიც მას მამა და ძმა ეხმარებიან. ისინი მთელი ოჯახით გეგმავენ ტურნირებზე დასწრებას ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში.





