რას აკეთებს მსოფლიო ჩემპიონი $10 მილიონის მოგების შემდეგ?
მარტინ ჯეიკობსონი დღესდღეისობით ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოთამაშედ იმ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც მოიგეს World Series Of Poker Main Event (WSOP). უამრავი რამ ითქვა მისი თამაშის შესახებ ფინალურ მაგიდაზე. მას წლის საუკეთესო ტურნირის მოთამაშის ტიტულიც კი გადაეცა European Poker Awards-ზე.
გვეყოს კარტებზე საუბარი! პოკერის ყველა მოყვარულს მოსდის ორი კითხვა თავში: რას აკეთებენ მსოფლიო ჩემპიონები ტიტულის მოპოვების შემდეგ? და როგორ იხარჯება მათი მოგებული თანხა? გთავაზობთ ინტერვიუს მსოფლიო ჩემპიონთან, მარტინ ჯეიკობსონთან.

მოგვიყევი, როგორ გაატარე პირველი 24-48 საათი მას შემდეგ რაც მეინ ივენთი მოიგე?
ძალიან უცნაური შეგრძნება იყო. იმდენად ვიყავი გადართული ტურნირის მსვლელობაზე და თამაშზე, რომ საკმაოდ რთული აღმოჩნდა რეალურ სამყაროში დაბრუნება და მხიარულება. რამდენიმე საათი დამჭირდა იმისთვის, რომ დავწყნარებულიყავი. პირველი ღამე რა თქმა უნდა გამარჯვების აღნიშვნას დაეთმო. ძალიან უცნაური შეგრძნება იყო კლუბში ყოფნა ოჯახის წევრებთან ერთად და ლას ვეგასის შესაფერისი გართობა დედაჩემის გარემოცვაში. უცნაური, მაგრამ მხიარული გამოცდილება იყო.
ამ ამბების შემდეგ გადაწყვიტე დასვენება?
ვეგასში იმაზე დიდხანს დავრჩი, ვიდრე ვგეგმავდი. გარკვეული საკითხები მქონდა მოსაგვარებელი. უამრავი ინტერვიუ ჩამომართვეს, იყო მოლოცვები, შეხვედრები... ამის შემდეგ გადავწყვიტე კალიფორნიაში წავსულიყავი, სადაც ჩემ მეგობარს სახლი აქვს სანაპიროზე. მე და ჩემი მეგობარი გოგო ერთი კვირა გავჩერდით კალიფორნიაში, რაც დამეხმარა განტვირთვაში და ძალების მობილიზაციაში. შემდეგ მექსიკაში წავედით. ძალიან სასიამოვნოდ და მშვიდად გავატარე დრო. მიუხედავად იმისა რომ კალიფორნიის სანაპირო, სადაც ჩვენ ვისვენებდით, 40 წუთის გზაზე იყო ქალაქიდან, მაინც უამრავ ადამიანთან მიწევდა შეხვედრა. ყველას სურდა ჩემთან საუბარი, ინტერვიუ, ფოტო. მიუხედავად წარმატებისა, ეს სამკაოდ სტრესული პერიოდი აღმოჩნდა ჩემთვის. მექსიკაში კი ყველაფერი სხვანაირად იყო.
როგორი იყო წლევანდელი დღესასწაულები შენთვის?
ამ წელს შობას ლონდონში შევხვდით. ჩემი მშობლები გაშორებულები არიან ისევე, როგორც ანჯელიკას (მეგობარი გოგო) მშობლები. ჩვენი ოჯახები ლონდონში ჩამოვიდნენ და ყველამ ერთად სიმშვიდეში გავატარეთ სადღესასწაულო დღეები.
შეგიძლია გვითხრა, რას წარმოადგენდა სამკლაური, რომელიც შენ გეკეთა? ასევე გვიამბე შენი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ!
როცა მე მივაღწიე ფინალურ მაგიდას, ტექნიკურ და ფსიქოლოგიურ საკითხებში მომზადების გარდა, ორი მიზანი მქონდა: მომეპოვებინა სპონსორი და გამეკეთებინა რამე, თუნდაც მცირედი, ქველმოქმედების მიმართულებით. WSOP-ის ფინალური მაგიდა კი ამ ორივე მიზნისთვის საუკეთესო საშუალება იყო. დღესდღეობით პოკერი საკმაოდ "მშრალია", ყოველ შემთხვევაში შვედეთში. ამიტომაც საკმაოდ რთულია კონტრაქტის გაფორმება პოკერ საიტებთან. გადავწყვიტე სპონსორები მეძებნა იმ კომპანიებში, რომელთა პროდუქტსაც მე გამოვიყენებ. სწორედ ამ მიზეზით ჩემი სპონსორი გახდა ერთ-ერთი საკვები დანამატების მწარმოებელი კომპანია, რომლის ერთ-ერთი მომხმარებელი მე ვარ. კომპანიას ბიზნესი ახალი დაწყებული ჰქონდა, მეც ახალი სახე ვიყავი პოკერ ტურნირებისთვის, ასე რომ ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ სახალისო და წარმატებული გამოვიდა.
რაც შეეხება ქველმოქმედებას: ყოველთვის მინდოდა ჩავბმულიყავი ქველმოქმედებაში, მაგრამ არ ვიცოდი კონკრეტულად რომელი ორგანიზაციისთვის მიმემართა. სამწუხაროდ იმდენი დრო არ დამიხარჯავს ორგანიზაციების კვლევაზე, რამდენიც მე მინდოდა. გაგონილი მქონდა REG-ის შესახებ (Raising for Effective Giving). მე შევედი მათ ვებ-საიტზე და გავეცანი პირობებს. ჩემი რამდენიმე მეგობარი ჩართულია ამ საქველმოქმედო პროექტში. ჩემი სიმპათიები დაემთხვა მეგობრების აზრს. ისინი ანალიზს უკეთებენ ასობით საქველმოქმედო მიმართულებას და ირჩევენ საუკეთესოებს. სწორედ ასე დავიწყე ამ პროექტთან თანამშრომლობა და გადავწყვიტე, რომ ჩემი მოგებული თანხის 5%-ს სწორედ ქველმოქმედებისკენ მივმართავდი.
... და ბოლო კითხვა: რამე თუ შეიძინე?
შევიძინე სახლი ლონდონში. მოგეხსენებათ, ლონდონში ცხოვრება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ძალიან სასიამოვნოა ასეთ ქალაქში ცხოვრების საშუალება რომ მაქვს.





