დენიელ ნეგრანუ VS დაგ პოლკი - ვის აქვს უკეთესი შანსები?
თითქმის ერთი თვეა, რაც დენიელ ნეგრანუ და დაგ პოლკი ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. ყველაფერი წლების წინ დაიწყო, როცა ნეგრანუმ განაცხადა, რომ მეტი საკომისიო მოთამაშეებისთვის უკეთესი იყო. იმ წამიდან მოყოლებული, დაგ პოლკი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ PokerStars-ის ყოფილ სახეს მძიმე ბრალდება არ წაუყენოს.
რა სარგებელი აქვთ ამ ყველაფრისგან გულშემატკივრებს? პირველ რიგში, ისინი ორ ვარსკვლავს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფის გაცვლას ადევნებენ თვალყურს, რაც სეირის მაყურებლებისთვის დიდი სიამოვნება უნდა იყოს. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოთამაშეები რეალური მატჩის შესახებ შეთანხმდნენ და საბოლოოდ, გულშემატკივრებს მძიმე ორთაბრძოლის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.
მიუხედავად იმისა, რომ Masterclass.com-ზე გამოქვეყნებულ სემინარებში პოკერის ლეგენდა მოყვარულებს პოკერის საიდუმლოს უზიარებს, ნეგრანუ მაინც იმ აზრზე რჩება, რომ ულიმიტო ჰოლდემი მისი საუკეთესო თამაში არ არის და რომ დაგ პოლკს ამ სფეროში მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ცხადია, ჩნდება კითხვა: მაშინ რაღატომ უნდა გადაიხადონ მოყვარულებმა ფული ნეგრანუს სემინარებში? პასუხი Masterclass.com-ის მომხმარებლებმა უნდა გასცენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ონლაინ სივრცეში, ულიმიტო ტეხასურ ჰოლდემში, დენიელ ნეგრანუ არასდროს ყოფილა წარმატებული. PokerStars-ზე ნათამაშებ 25.821 დარიგებაში, KidPoker-მა $451.814 დოლარი წააგო.
როგორი შედეგი აქვს იგივე სფეროში დაგ პოლკს? უკვე წლებია, რაც ის პროფესიონალურ პოკერს ჩამოშორდა და ძირითად დროს საკუთარი იუთუბის არხის პოპულარიზაციას უთმობს, მაგრამ პოლკის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის მართლაც ჰედს-აპ ქეშ-გეიმების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. Full Tilt Poker-ზე, 94.161 დარიგებაში, მას $1.585.717 დოლარი აქვს მოგებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარიგება მან ვიქტორ Isildur1 ბლომის წინააღმდეგ ითამაშა, როცა ფლოპზე მიღებული ნათ ფლეშით $490.000 დოლარი მოიგო. იგივე ბლომის წინააღმდეგ თამაშისას, დენიელ ნეგრანუმ $150.000 დოლარი დაკარგა.
PokerStars-ზე პოლკის შედეგი შედარებით მოკრძაბულია: მან 173.736 დარიგება ითამაშა, რამაც $577.266 დოლარიანი მოგება მოუტანა. ამ შემთხვევაში, პოლკის უდიდესი დარიგება ბენ სალსკის წინააღმდეგ იყო, როცა მან ფულ ჰაუსით სალსკის ტოპ წყვილს $125.000 დოლარი მოუგო. საერთო ჯამში, სალსკისთან გამართულ სესიებში, მას $750.000 დოლარიანი პლუსი აქვს.
ნეგრანუსა და პოლკს შორის თამაში WSOP-ის დასრულების შემდეგ შედგება, ულიმიტო ჰოლდემის $200/$400 ჰედს-აპ მაგიდებზე.





