საუკეთესო ჯეიმს ბონდი პოკერის სამყაროდან
როგორც ცნობილია, დენიელ კრეიგი - ლეგენდარული ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი, ტოვებს ბონდიანას სერიას. მისმა წასვლამ უამრავი სპეკულაცია გამოიწვია: ვინ იქნება მომავალი აგენტიი 007? იქნება თუ არა შემდეგი ჯეიმს ბონდი შავკანიანი? იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ ჯეიმს ბონდის როლი ქალმა უნდა შეასრულოს... ცოტა ხნის წინ, PokerTube-ის ლი დეივი ცნობილ მოთამაშეებს დაუკავშირდა და ჯეიმს ბონდის შესახებ ჰკითხა აზრი. უფრო კონკრეტულად კი, ჰაი სტეიკს პოკერ ელიტიდან ვინ იქნებოდა საუკეთესო ბრიტანელი აგენტი?
პირველი, ვინც დეივის კითხვას უპასუხა, ალი ნეჯადი იყო - Poker After Dark-ის წამყვანი, რომლის თვალწინ არაერთი დიდი მოთამაშე დაბადებულა. მისი პასუხი ჯეისონ კუნი იყო. თუმცა, ნეჯადის აზრი ორად გაიყო: "ჯეისონ კუნის გარეგნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის კიდევ ერთი აგენტის - ამ შემთხვევაში, ამერიკელი აგენტის, ჯეისონ ბორნის როლსაც მოერგებოდა. მაგრამ პოკერის სამყაროდან ბონდის მოწინააღმდეგის არჩევა უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე მისი როლის შემსრულებლის. ამ როლზე კი მიკიტა ბადიაკოვსკი საუკეთესო იქნებოდა."
სიაში შემდეგი ლექს ვალდუსი იყო - Triton High Roller-ის კომენტატორი და ვეტერანი ჰაი როლერი. ვალდუსის აზრი ზუსტად დაემთხვა ალი ნეჯადის არჩევანს: "პასუხი ნათელია - ჯეისონ კუნი. ის ფიზიკურად საკმაოდ მომზადებულია იმისთვის, რომ ბონდის დავალებებს გაართვას თავი." რაც შეეხება ანტიგმირს - ვალდუსმა კვლავ გაიმეორა ნეჯადის მოსაზრება მიკიტა ბადიაკოვსკის შესახებ, მაგრამ იქვე დაამატა, რომ კიდევ ერთი 'ბოროტი სახის' შექმნა რიჩარდ იონგს შეეძლო: "იონგი ძალიან მოშვებული, თავისუფალი მოთამაშეა. ყოველთვის კარგ ხასიათზეა, მაგრამ გარკვეულ მომენტებში, მას შეუძლია სერიოზული და საშიში გახდეს."
განსხვავებული მოსაზრება შემოგვთავაზა PokerStars-ის ერთ-ერთმა პირველმა გრაინდერმა, რენდი nanonoko ლიუმ: "ვფიქრობ, სტივენ ჩედვიკი კარგი ბონდი იქნებოდა. პირველ რიგში, ის უკვე ინგლისელია, რაც ერთი პლუსია. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი საუკეთესოდ ჩაცმული მოთამაშეა. მან კარგად იცის, როგორ შეარჩიოს საუკეთესო კოსტუმი. ამ ყველაფერთან ერთად, მას ბონდისთვის დამახასიათებელი, გამჭოლი გამოხედვა აქვს."
კიდევ ონლაინ გრაინდერი და პოდკასტების სერიის ავტორი, ჯეიმი სტეპლსი თვლის, რომ საუკეთესო ბონდი პატრიკ ანტონიუსი იქნებოდა: "ის მაღალი, კარგი აღნაგობის და კარგი გარეგნობის კაცია. მართალია, ინგლისელი არ არის, მაგრამ ის ზუსტად იმდენს ლაპარაკობს, რამდენიც მას სჭირდება. რაც შეეხება, 'ცუდი ბიჭის' როლს: აქ საუკეთესო ტონი ჯი იქნებოდა. ის მხიარულიცაა, აგრესიულიც და, პერიოდულად, უსამართლოც კი. ეს ყველაფერი კი, ჯეიმს ბონდის დაუძინებელი მტრის საუკეთესო თვისებებია."





