პოდკასტის მსვლელობისას დენიელ ნეგრანუმ შონ დიბს აგინა
15 ნოემბერს, დილის 11 საათზე, დენიელ ნეგრანუ PokerNews-ის პოდკასტს შეუერთდა, რომელსაც სარა ჰერინგი უძღვება. ლეგენდარულმა მოთამაშემ თავის წლევანდელ შედეგებზე ისაუბრა და ის მომენტი გაიხსენა, როც წლის მოთამაშის რბოლაში გამარჯვებიდან მეორე დღეს ტიტული დაკარგა. შეგახსენებთ, რომ წლევანდელი WSOP-ის მონაცემებით, წლის მოთამაშე დენიელ ნეგრანუ გახდა, მაგრამ შეცდომის აღმოჩენის შემდეგ, ტიტული შონ დიბს გადაეცა.
"საოცარი წელი მქონდა, - ყვება ნეგრანუ, - პირველ რიგში, მე პროცესზე ვიყავი ორიენტირებული. ვცდილობდი, მაქსიმალურად ბევრი ტურნირი მეთამაშა, რაც წლის მოთამაშის ტიტულის მოსაგებად მეტი ქულის დაგროვების საშუალებას მომცემდა. პატარა აღარ ვარ. ამიტომაც, იმ ფაქტმა, რომ ჩემი გამარჯვების შემდეგ შეცდომა გამოაშკარავდა და ტიტული ჩამომერთვა, დიდი გავლენა ჩემზე ვერ მოახდინა."
სარა ჰერინგის კითხვაზე, როგორ გამორჩა მას ქულა, რომელიც ტურნირის საპრიზო ადგილისთვის ჰქონდა მიღებული და რომელიც რეალურად მას არ ეკუთვნოდა, დენიელ ნეგრანუმ ასეთი პასუხი გასცა: "პირველ რიგში, ასეთი შეცდომა იმიტომ გაიპარა, რომ ყველა ლაივ ივენთებზეა გადართული. გამონაკლისი არც მე ვარ. სხვა მოთამაშეებისა და მათ მდგომარრეობის შესახებ ყოველდღიურ აფდეითსაც არავინ აქვეყნებდა. ონლაინ ტურნირებს ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ და მოცემულობის არასწორად გაგება სწორედ ამან გამოიწვია. ჩემი შედეგები არასდროს დამიმალავს. ჩემ მიერ ნათამაშები ტურნირების შედეგებს ყოველთვის სახალხოდ ვაქვეყნებდი."
რაც შეეხებათ შონ დიბსა და დაგ პოლკს, რომლებმაც თქვეს, რომ დენიელ ნეგრანუმ ყველაფერი იცოდა, მაგრამ სიჩუმე ამჯობინა: "მათ ასეთი ბრალდებები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოთქვეს. დაგ პოლკი პოკერს აღარც თამაშობს. მთელი მისი საქმიანობა ადამიანების მიმართ საყვედურებსა და კრიტიკას მოიცავს. ის 'იუთუბზე' ხმაურიან სათაურებს აქვეყნებს, რათა მეტი მაყურებელი მიიზიდოს და რამენაირად შემოსავალი გაზარდოს. ამიტომაც, მისგან ასეთი საქციელი და ბრალდება არ გამკვირვებია. როზვადოვში ყოფნისას მირჩიეს, რომ პოტ ლიმიტ ომაჰას ტურნირი მეთამაშა, ქულების დასაგროვებლად. ჩავთვალე, რომ დამატებითი ქულები არ მჭირდებოდა, რადგან WSOP-ის სტატისტიკას ვუყურებდი. რაიმე ეჭვი რომ მქონოდა ჩემი ქულების შესახებ, დამატებითი ტურნირის შანსს ხელიდან რატომ გავუშვებდი? შონ დიბისგან მსგავსი ბრალდება კიდევ უფრო მოსალოდნელი იყო. ის გამუდმებით აყენებს შეურაცხყოფას ჩემს მეუღლეს, რომელსაც არც კი იცნობს. წელს შონ დიბი როზვადოვში ვნახე და ვუთხარი, რომ ბოდიშის მოხდა თუ უნდოდა, შეგვეძლო რაიმე კომპრომისის გამონახვა. მან უარი თქვა. ახლა კი, იცი, რას გეტყვი? შეგ***ი შონ! მე პრობლემა არ მაქვს, თუ ვინმე პირადად მე მიტევს. როცა რაიმე სფეროში ცნობილი ხარ, მსგავსი თავდასხმებისთვის მზად უნდა იყო, მაგრამ ჩემს მეუღლესთან მას არანაირი შეხება არ ჰქონია."