ჯეისონ მერსიერმა პოკერში დაბრუნება $715.860 დოლარიანი მოგებით აღნიშნა
მთელი ერთი წლის განმავლობაში, ჯეისონ მერსიერმა 2 ტურნირის თამაში მოახერხა. მიზეზი, მისი ახალშობილი ვაჟი - მარკო იყო. ამერიკელმა მოთამაშემ ვრცელი მიმართვაც კი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობდა, რომ PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდს ტოვებდა, რათა ოჯახისთვის მეტი დრო დაეთმო.
ხანგრძლივი გაცდენების მიუხედავად, სათამაშო მაგიდებთან დაბრუნების პირველივე მცდელობაზე, მერსიერმა Seminole Hard Rock Poker-ის $50.000-იანი ჰაი როლერი მოიგო, $715.860 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. "მგონია, რომ საუკუნეები გავიდა, მაგრამ მე კვლავ ტურნირზე ვარ, - წერდა მერსიერი 'ტვიტერზე' - თამაშში არსებული ჩიპების ნახევარზე მეტს ვაკონტროლებ. ხვალ ყველაფერს დავასრულებ!"
მართლაც, ტურნირს წერტილი სწორედ ჯეისონ მერსიერმა დაუსვა. მან მანიგ ლუსერი და ალბერტ დალერი გამოთიშა ასპარეზობას. დანარჩენ ფინალისტებს კი ფრენკლინ ფოკმა მიხედა.
უცნაური დამთხვევა: მისი უკანასკნელი გამარჯვება 2017 წლით თარიღდება, როცა სწორედ Seminole Hard Rock Poker-ის $50.000-იანი ჰაი როლერი მოიგო. ამ დროს, ჯეისონ და ნატაშა მერსიერები შვილის დაბადებას ელოდებოდნენ. "2017 წელს, ზუსტად ამ დროს, ჩვენ ბავშვს ველოდებოდით. ახლაც, 7 თვის ფეხმძიმე ვარ. შენ იგივე უნდა გაიმეორო!" - ასე გაამხნევა მეუღლე ნატაშა მერსიერმა ტურნირის დაწყებამდე.