ფილ აივის ლექციები MasterClass-ში
Masterclass ონლაინ ტუტორიალებისა და ლექციების სერიაა, რომელშიც უამრავი ცნობილი და საკუთარ სფეროში წარმატებული ადამიანი იღებს მონაწილეობას. Masterclass-ის საშუალებით შეგიძლიათ მოუსმინოთ ლეგენდარულ გარი კასპაროვს, რომელიც ჭადრაკის სტრატეგიებში გაგარკვევთ; თუ კინემატოგრაფია გაინტერესებთ, მარტინ სკორსეზე საკუთარ ხედვებს გაგაცნობთ; კალათბურთის მოყვარულებს სტივენ კარის ლექციები ელით; გორდონ რემზი თანამედროვე სამზარეულოზე და კულინარიის ახლებურ ტრენდებზე გააკეთებს აქცენტს...
ამჯერად, MasterClass-ში ლეგენდარული ფილ აივი გამოჩნდა. 42 წლის მოთამაშე, რომელსაც "პოკერის თაიგერ ვუდსად" მოიხსენიებენ, პოკერის მოყვარულებს თამაშის ისეთ კონცეფციებს აუხსნის, როგორიც ბეთინგის ტაქტიკა, ბლაინდების დაცვა და დიფ სტეკის ნიუანსებია. რაც მთავარია, აივის ლექციებში მნიშნველოვანი ადგილი დაეთმობა მორალურ სიმტკიცესა და მოწინააღმდეგეთა 'წაკითხვის' მეთოდებს.
როგორც წესი, პროფესიონალი მოთამაშეები საკუთარ ცოდნას მარტივად არ აზიარებენ, მაგრამ ბოლო დროს რაღაც აშკარად შეიცვალა. MasterClass-ში ფილ აივის გამოჩენამდე ერთი წლით ადრე, ონლაინ ლექციების ცნობილ კურსში დენიელ ნეგრანუც ჩაერთო. მაშინ კანადელმა მოთამაშემ ლეგენდარული დოილ ბრანსონისგან საყვედურიც კი მიიღო, თამაშის საიდუმლოს სხვებისთვის გაზიარების გამო.
სალექციო კურსში აივის მანამდეც მიუღია მონაწილეობა: 2012 წელს მან Ivey Poker გახსნა - ვებ-გვერდი, სადაც პოკერის მოყვარულები ლეგენდარული მოთამაშისგან თამაშზე გაკვეთილებს ღებულობდნენ. Ivey Poker-მა დიდი გამოხმაურება ჰპოვა, მაგრამ 2014 წელს ის დაიხურა და მას შემდეგ ჩრდილში იმყოფება.





