Forbes ფედორ ჰოლცის წარმატებით დაინტერესდა
თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, გერმანელი ფედორ ჰოლცი Forbes-ის გვერდებზე გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ჰოლცის კარიერა და წარმატება არამხოლოდ პოკერის მოთამაშეებისთვისაა საინტერესო - ის დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეა, რომელმაც არნახულ სიმაღლეებს სულ რაღაც 24 წლის ასაკში მიაღწია.
ფედორ ჰოლცის კარიერა $23.3 მილიონ დოლარს ითვლის. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ლაივ ტურნირებიდან მიღებული მოგებაა. მან თამაში 4-5 წლის წინ დაიწყო და უმაღლეს ლიმიტებს ძალიან მცირე დროში მიაღწია. როგორც თავად ამბობს, ასე მოკლე პერიოდში, მსგავსი წარმატების მიღწევა ინტენსიური თამაშის დამსახურებაა. 2015-2016 წლებში ჰოლცმა დაახლოებით 400-ჯერ იფრინა. ამ ორი წლის განმავლობაში, ის 2 კვირაზე დიდი ხნის განმავლობაში ერთ ლოკაციაზე არ გაჩერებულა. მსგავსი ინტენსივობის გათვალისწინებით, მისი წარმატება მეტ-ნაკლებად გასაგები ხდება.
ჰოლცის აზრით, მის წარმატებაში ყველაზე დიდი როლი კავშირებმა შეასრულეს: "ჩემი წარმატების გადამწყვეტი ფაქტორი სწორი კავშირებია, - ყვება ჰოლცი, - ვფიქრობ, თუ შენს აზრებს იმ ადამიანებს უზიარებ, რომლებიც ამ აზრებიდან მოგებას მიიღებენ, ხოლო თავის მხრივ ისინიც იგივეს აკეთებენ შენთვის, წარმატება თითქმის გარანტირებულია. ძალიან დიდ დროს ვატარებ ფორუმებზე და ადამიანებთან საუბარში. ძირითადად, საკონტაქტო წყაროდ სკაიპს ვიყენებთ. ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ აზრებს, პრობლემებს, სტრატეგიებს, ახალ ხედვებს პოკერის შესახებ. ჩვენ ყველამ მიკრო ლიმიტებიდან დავიწყეთ თამაში, ახლა კი მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობთ და ყველაზე ძვირადღირებულ თამაშებს ვეძებთ."
შტეფენ სონტაიმერი, რაინერ კემპე და კორეი ალდამირი - ეს ის ადამიანები არიან, რომლებშიც ფედორ ჰოლცი სწორ კავშირს მოიაზრებს. როგორც თავად ამბობს, სწორედ ასეთი ადამიანების დამსახურებაა მისი ფინანსური წარმატება.
გავრცელებული ხმები, ჰოლცის პოკერიდან წასვლის შესახებ, მედიამ სასაცილოდ მიიჩნია. თუმცა, მედიის გამტყუნება მართლაც რთულია - თამაშიდან წასვლის შემდეგ, ფედორ ჰოლცმა რამდენიმე მილიონის მოგება მოახერხა. მართალია, ჰოლცი პოკერიდან არ წასულა, მაგრამ მისი განმარტებით, ის ცდილობს, პოკერის ნაცვლად, დრო ბიზნესს დაუთმოს. ჰოლცის ახალ საქმიანობას Primed Mind ეწოდება და ის მობილური აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს მოტივაციის ამაღლების, მიზანზე ორიენტირებისა და, შესაბამისად, წარმატების მიღწევის უკეთეს შანსებს აძლევს. "ჩემი მიზანი კომპანიის შექმნაა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. პირველი პროდუქტი Primed Mind იქნება, რომელიც უკვე 20.000 ადამიანმა გადმოწერა. ჩემი წარმატება სწორედ ამ პროგრამის და ასეთი მიდგომის საფუძველზე შედგა. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მსგავს აზროვნებას აქტიურად ვიყენებდი და შედეგიც სახეზეა."





