Triton Super High Roller-ზე ფედორ ჰოლცი $444.893 დოლარს იგებს
როგორც ჩანს, 'პენსიაზე გასული' ფედორ ჰოლცი კვლავ ფორმაშია - გერმანელმა მოთამაშემ 2017 წლის Triton Super High Roller-ის მოგება შეძლო, $444.893 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის.
ფინალურ ჰედს-აპში ჰოლცმა ჩინელი სუ ჰაო დაამარცხა. ორთაბრძოლის მიმდინარეობისას, ჩიპლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. გარკვეულ მომენტში, გერმანელის სტეკი მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ ჰოლცმა საკუთარი არსენალიდან სატურნირო პოკერის ერთ-ერთი მთავარი ხრიკი გამოიყენა - მშვიდი თამაშით ჯერ სტეკის შენარჩუნება, ხოლო საჭირო მომენტის დროული გამოყენებით გაორმაგება შეძლო. ჩიპლიდის მოპოვების შემდეგ, ჰოლცმა აგრესიული თამაში დაიწყო და მეტოქის სტეკი 7 ბიგ ბლაინდამდე შეამცირა. სუ ჰაომ პოზიციიდან 56-ით ოლ ინი გააკეთა, რასაც 88-ებით შეიარაღებულმა ჰოლცმა ქოლით უპასუხა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირის მოგება შეძლო.
რამდენიმე თვის წინ ფედორ ჰოლცმა პოკერიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა, მას შემდეგ არაერთი ძვირადღირებული ტურნირის ფინალური მაგიდის მონაწილე, ან სულაც გამარჯვებული გახდა. გერმანელი მოთამაშის საერთო კარიერული მოგება, ამ მომენტისთვის, $23.354.884 დოლარს შეადგენს, რაც ფილ აივის შედეგს $501.150 დოლარით ჩამორჩება.





