სიტუაცია 2017 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე
2017 წლის WSOP-ის $10.000 დოლარიანი მეინ ივენთი უკვე მე-4 დღეა, რაც მიმდინარეობს. ტურნირს მოთამაშეები თანდათანობით ემატებიან, რაც დაძაბულობას სულ უფრო და უფრო ზრდის. საერთო ჯამში, მეინ ივენთზე 7.221 მოთამაშე დარეგისტრირდა, რაც WSOP-ის ისტორიაში რიგით მე-3 მასშტაბური ღონისძიებაა. პირველ და მეორე ადგილებს 2006 და 2010 წლების მეინ ივენთები იყოფენ. ამ მომენტისთვის, ტურნირის საპრიზო ფონდი $68.000.000 დოლარია, ხოლო პირველი ადგილისთვის $8.150.000 დოლარია გარანტირებული.
პირველი დღის მარცხის შემდეგ, მე-2 დღისთვის 2.959 მოთამაშე დაბრუნდა უკან და $10.000 დოლარის ხელმეორედ გადახდის შემდეგ, კვლავ განაგრძო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა. მე-3 დღემდე, მათგან, მხოლოდ 1.100 მოთამაშემ მიაღწია. დღეს კი მეინ ივენთში საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია - 4.262 მოთამაშე ჩაერთო.
ამ მომენტისთვის, ტურნირის ჩიპლიდერები ლოურენს ბეილი და მიკი კრაფტი არიან, შესაბამისად 618.000 და 608.100 ჩიპიანი სტეკებით. მეინ ივენთში, ჯერჯერობით, სხვა ცნობილმა მოთამაშეებმაც მოახერხეს სოლიდური სტეკების მოგროვება: მარვინ რეტენმაიერი (359.100), კენი ჰალერტი (331.800), სკოტ სივერი (195.600), მაიკ მატუსოუ (228.200), ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი - გრეგ რეიმერი (106.400)... გასული წლის მსოფლიო ჩემპიონი - ქუი უინი კი მალევე გამოვარდა და აქტიურ მოთამაშეებს შორის ვეღარ მოხვდა.
ტურნირზე რამდენიმე ისეთი მოთამაშეცაა დარჩენილი, რომელიც მეინ ივენთის მიმდინარეობისას ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხვდება. მათ შორის აღსანიშნავია ბრაიან რასტი, 126.900 ჩიპით; ფილ ჰელმუტი, 87.400-იანი სტეკით და დენიელ ნეგრანუ, რომელსაც სულ რაღაც 26.000 ჩიპი აქვს დარჩენილი.





