WSOP-ის კვირის მოთამაშე: რეი ჰენსონი
თუ 90-იან წლებს გავიხსენებთ, რეი ჰენსონის ნახვა ტურნირებზე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქეშ-გეიმერად მოიაზრებოდა. ჰენსონი WSOP-ის ფესტივალს მხოლოდ იმ მიზეზით ესწრებოდა, რომ ვეგასში ძვირადღირებული ქეშ-გეიმების სეზონი იხსნებოდა. ეს ყველაფერი 2007 წლამდე გაგრძელდა.
"Worls Series Of Poker-ის რამდენიმე ივენთს თუ ვითამაშებდი, - იხსენებს ჰენსონი, - ტურნირებით იშვიათად ვინტერესდებოდი. სიმართლე რომ ვთქვა, არც გამომდიოდა. WSOP მხოლოდ ქეშ-გეიმების გამო იწვევდა ჩემს ინტერესს."
დღეისთვის კი, რეი ჰენსონი WSOP-ის წლის საუკეთესო მოთამაშეთა რბოლაში პირველ ადგილს იკავებს. მის ანგარიშზე 8 საპრიზო ადგილია, საიდანაც 3 ფინალურ მაგიდაზე თამაშისთვის მიიღო. 2 ფინალური მაგიდა კი გასულ კვირას შედგა. ჰენსონის თქმით, მისი გადართვა ტურნირებზე 2007 წლის WSOP Main Event-ზე აღებულმა მე-12 ადგილმა გამოიწვია.
"2007 წლის მეინ ივენთზე ფინალური მაგიდის თამაში ვერ მოვახერხე, - ყვება ჰენსონი, - მაგრამ სოლიდური საპრიზო ანაზღაურების შემდეგ, მეგობრებთან ერთად მოლხენა გადავწყვიტე. წვეულებაზე ერიკ ლინდგრენიც იყო, რომელმაც რჩევა მომცა და მითხრა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურნირი უნდა მეთამაშა." მას შემდეგ, რეი ჰენსონი, ყოველწლიურად, 20-დან 40-მდე ივენთს თამაშობს.
რამდენიმე ივენთის ფინალური მაგიდაზე თამაშისა და რამდენიმე სოლიდური საპრიზო ანაზღაურების შემდეგ, ნებისმიერი გემბლერი წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში ძალაუნებურად ერთვება. რეი ჰენსონის აზრით, ასეთ ტიტულს დამსახურება უნდა: "რა თქმა უნდა, თუ WSOP-ის წლის მოთამაშე გავხდები, ძალიან გახარებული და ბედნიერი ვიქნები. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, რეიტინგების შედგენის სისტემას არ ვეთანხმები. მას ბევრი ნაკლი აქვს. არ შეიძლება წლის საუკეთესო მოთამაშე ოქროს სამაჯურის მოგების გარეშე გახდე. გამოდის, რომ თუ ფინალურ მაგიდებზე ხშირად ხვდები, ან ტურნირის გვიან სტადიებზე ხშირად თამაშობ, წლის მოთამაშის სტატუსს იმსახურებ. ეს კი ასე ნამდვილად არ არის."
უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს WSOP-ის მენეჯმენტი წლის მოთამაშის რეიტინგებთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ რეიტინგის შემდგენ ფორმულასთან უამრავ მოთამაშეს აქვს პრეტენზია. რაც მთავარია, უკმაყოფილო მოთამაშეებს შორის რეიტინგის ამჟამინდელი ლიდერი, რეი ჰენსონიცაა.





