დაგ პოლკი WSOP $111.111 High Roller One Drop-ს იგებს, $3.7 მილიონით პირველი ადგილისთვის
დაგ პოლკმა WSOP-ის $111.111 დოლარიანი One Drop High Roller-ის პირველი ადგილისთვის $3.7 მილიონი დოლარი მიიღო. პოლკმა კარიერა ონლაინ პოკერით დაიწყო და იმდენს მიაღწია, რომ მისი ნიკი - WCGRider ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მეტსახელად გადაიქცა. დაგ პოლკი სამართლიანად იმსახურებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქეშ-გეიმერისა და ჰედს-აპის სპეციალისტის სახელს.
უკანასკნელ პერიოდში ამერიკელი მოთამაშე ლაივ ტურნირებზე გადაერთო და, უნდა ითქვას, საკმაოდ წარმატებულადაც. როგორც თავად განმარტავს, ონლაინ მაგიდებთან დღევანდელ თამაშში გრძელვადიანი მოგება ან შეუძლებელი, ან ძალიან რთულია, რაც მრავალსაათიან სესიებს, კომპიუტერთან გატარებულ ღამეებსა და ცხოვრების არეულ გრაფიკს გულისხმობს. სწორედ ამიტომ, დაგ პოლკმა ლაივ ტურნირებს შეუტია. ახლა კი ის წლევანდელი WSOP-ის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე ძვირადღირებული ღონისძიების გამარჯვებული გახდა.
პოლკისთვის ეს მე-3 ოქროს სამაჯურია. როგორც თავად აღნიშნავს, 2014 წელს მოგებული WSOP-ის სამაჯურებისგან წლევანდელი მოგება მნიშვნელოვნად განსხვავდება: "ამ სამაჯურმა გაცილებით დიდი სიამოვნება და სიხარული მომანიჭა, - ამბობს პოლკი, - ასეთი თანხის მოგება, თანაც მსგავსი ლაინ-აფის წინააღმდეგ, მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა." ლაინ-აფს რაც შეეხება, ის მართლაც პოკერის საუკეთესო სახელებით იყო დატვირთული. ტურნირზე, საერთო ჯამში, 130 მოთამაშე დარეგისტრირდა, რაც ასეთი ძვირადღირებული ღონისძიებისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია. ივენთის ფინალურ მაგიდას თუ გადავხედავთ, აშკარა გახდება, რომ დაგ პოლკს ტურნირის მსვლელობისას და ფინალურ მაგიდაზეც მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდა - განსაკუთრებით რთული საბოლოო ორთაბრძოლა აღმოჩნდა, რომელიც დაგ პოლკმა ონლაინ პოკერის ლეგენდასთან, ბერტრან Elky გროსპელიესთან გამართა.
| პოზიცია | მოთამაშე | ქვეყანა | ანაზღაურება |
| 1 | დაგ პოლკი | აშშ | $3.686.865 |
| 2 | ბერტრან გროსპელიე | საფრანგეთი | $2.278.657 |
| 3 | დარიო სამარტინო | იტალია | $1.608.295 |
| 4 | ჰარალაბოს ვულგარის | კანადა | $1.158.883 |
| 5 | კრის მური | აშშ | $852.885 |
| 6 | მარტინ ჯეიკობსონი | შვედეთი | $641.382 |
| 7 | რაინერ კემპე | გერმანია | $493.089 |
| 8 | ენდრიუ რობლი | აშშ | $387.732 |
| 9 | მაიკ კემრანი | აშშ | $312.006 |





