უნდა აიკრძალოს თუ არა სათვალეები კაზინოებში?
2015 წლის WSOP-ზე, თაღლითობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ბევრს უჩნდება კითხვა: უნდა ავკრძალოთ თუ არა ლაივ პოკერის ტურნირებზე სათვალეების გამოყენება? შეგახსენებთ, რომ წლევანდელ WSOP-ის $10.000 Heads-Up Championship-ზე, რამდენიმე მოთამაშეს ეჭვი გაუჩნდა, რომ ერთ-ერთი ოპონენტი კარტებს ნიშნავდა და შემდეგ მათ ამოსაცნობად სპეციალურ სათვალეს იყენებდა.
დენიელ ნეგრანუ უკვე დიდი ხანია თვლის, რომ სათვალის გამოყენება კაზინოში დაუშვებელია. ის თვლის, რომ სათვალის გამოყენება, ტრადიციული მიზეზით, უკვე 'ჩიტინგია', რადგან მოთამაშეს არ უნდა ჰქონდეს რაიმე ხელოვნური, დამხმარე საშუალებით თავისი ემოციების დაფარვის საშუალება.

ისიც უნდა ითქვას, რომ სათვალე იმხელა უპირატესობას ნამდვილად არ იძლევა, რამხელაც ხალხს წარმოუდგენია. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მოთამაშეების უმეტესობა ნამდვილად არაა ისეთი დახელოვნებული ბოდილენგვიჯის ამოცნობასა და კითხვაში, რომ უსათვალო მოწინააღმდეგეში რაიმე გადამწყვეტი აღმოაჩინოს. მეორეც - მზის სათვალის გაკეთება უკვე ნიშნავს სისუსტეს, რადგან ყველას ნათლად აჩვენებთ, რომ ლაივში თამაში თქვენთვის იმდენად არაკომფორტულია, რომ რაიმე დამატებითი აქსესუარი გჭირდებათ.
გარდა ამისა, პოკერი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სოციალური თამაში, რომელშიც ბევრი რამ რეალურ ურთიერთობებზეა აგებული. ისინი კი ვინც სათვალით თამაშობენ, თითქოს ზედმეტად ჩაკეტილები არიან, მაქსიმალურად ცდილობენ ჩუმად იყვნენ და ისეთი გარემო შექმნან, თითქოს ონლაინ თამაშობ. არის ისეთი შემთხვევებიც, რომ რომელიმე ტურნირის სატელევიზიო მაგიდასთან, ძალიან ძლიერი განათების გამო, უსათვალობა პრობლემებს წარმოქმნის. მაგალითად ასე დაემართა შარშანდელი მეინ ივენთის ფინალურ მაგიდაზე მყოფ ჯორიტ ვან ჰოფს.
რა თქმა უნდა, ყველა სათვალის მოყვარული მოთამაშე ასეთი არ არის. ფილ ჰელმუტი, სემი ფარა, ფილ ლააკი, ელკი... ჩამონათვალი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება, ისეთი მოთამაშეები არიან, რომლებსაც მაგიდაზე განსაკუთრებული განწყობა, დაძაბულობა და მხიარულება შეაქვთ.
ძალიან დიდ ეჭვს იწვევს სათვალის გამოყენება სამომავლოდ, რადგან ყველამ ვიცით, რომ მომავალი პორტატულ ტექნოლოგიას ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ 'გუგლის' სათვალემ ისე არ გაამართლა, როგორი მოლოდინიც იყო, მსგავსი ტიპის სათვალე, თაღლითობის სერიოზულ მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება ჩავთვალოთ. ტექნიკის დახვეწამ, წარმოუდგენელი საფრთხე შეუქმნა სამართლიან თამაშს. სათვალის აკრძალვა, შეიძლება მხოლოდ აისბერგის თავი იყოს. თაღლითობის რისკი კი, სამწუხაროდ, უფრო და უფრო გაიზრდება.





