მოთამაშემ, რომელმაც თამაშის წესებიც კი არ იცოდა, WSOP-ის ივენთი მოიგო
40 წლის ვიეტნამელ მოთამაშეს, კრისტიან ფემს, ძალიან უცნაური ამბავი შეემთხვა: ის შეცდომით, WSOP-ის #23 ივენთზე, $1500 2-7 ლოუბოლზე დარეგისტრირდა, ისე რომ თამაშის წესებიც კი არ იცოდა. როცა ფემი პირველად მიუჯდა მაგიდას, მისთვის ჩვეულ თამაშს, ულიმიტო ჰოლდემს ელოდა, მაგრამ დილერმა კარტები ისე დაარიგა, როგორც მას აქამდე არასდროს ენახა.
"მათ უკვე დაწყებული ჰქონდათ კარტების დარიგება, - თქვამ ფემმა, - ამიტომაც რეგისტრაციის გაუქმებას ვეღარ მოვახერხებდი." რამდენადაც ფემს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ბედს შეეგუა და თამაშის წესების გაგების იმედით, მაგიდაზე მყოფი სხვა მოთამაშეების დაკვირვებას შეუდგა. მოკლედ რომ ვთქვათ, პირველი დღის ბოლოს, როცა 219 მოთამაშიდან მხოლოდ 20% იყო დარჩენილი, კრისტიან ფემი ჩიპ ლიდერის პოზიციას იკავებდა.
ამის შემდეგ უკვე, ფემი გამოცდილი და თამაშის ამ სახეობაში დაბრძენებული მოთამაშის იერით იიჯდა. სიმართლე ითქვას, მას ამის მიზეზიც ჰქონდა - მან 1996 წლის მეინ ივენთის გამარჯვებული ჰაკ სიდი მეხუთე ადგილზე, ხოლო ოქროს სამაჯურის მფლობელი მაიკ ლი მეშვიდე ადგილზე გამოთიშა ტურნირს. მესამე დღის ჩიპ ლიდერიც, რა თქმა უნდა, ფემი იყო.
მას არც ჰედს-აპის მოგება გასჭირვებია. ფინალურ ბრძოლაში, ფემმა, დენიელ ოსპინა დაამარცხა და $81.314 დოლარის მფლობელი გახდა. "მე საკმაო გამოცდილება მაქვს პოკერში, მაგრამ ამ თამაშთან არასდროს მქონია შეხება. წარუმატებელი რეგისტრაციის შემდეგ, მე იძულებული გავხდი პირდაპირ მაგიდასთან მესწავლა თამაში. რა თქმა უნდა, კარტებმაც ხელი შემიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 2-7 ლოუბოლი არასდროს მითამაშია, ახლა უნდა ვთქვა, რომ ეს ჩემი საყვარელი თამაშია."
ფემის შემთხვევა პირველი არ არის WSOP-ის ისტორიაში. მსგავსი ამბავი აქამდეც მომხდარა, როცა კლიფ ჯოზეფი შეცდომით დარეგისტრირდა 7-ქარდ სტადის ივენთზე, ისე რომ თამაშის წესებიც კი არ იცოდა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებულის ტიტული მას ხვდა წილად. ანალოგიური ისტორია განმეორდა 2011 წელს, ისევ 2-7 ლოუბოლის ტურნირზე, რომელიც მეტ პერინსმა ისევ "შეცდომით" მოიგო.





