რამდენიმე დღის წინ, CardPlayer-ზე წავიკითხე ბარტ ჰენსონის სტატია, ჰოლდემში ფლოპზევე მიღებულ ნათს ფლეშთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. სტატიაში ის გვთავაზობდა ასეთი ხელის რაც შეიძლება სწრაფ თამაშს. მისი არგუმენტები:
- ერთი ფერის ბორდზე თქვენ ვერ მიიღებთ დიდ ველიუს ერთი წყვილისგან და მსგავსი ხელებისგან. ასე რომ გექნებათ მათგან დიდი მოლოდინი. ასეთ დარიგებებში მთავარი მიზანია ველიუ მიიღოთ უფრო დაბალი ფლეშისგან, სეტისგან ან ფლეშ დროსგან.
- თუ სლოუფლეის შემდეგ, გვიან რაუნდებზე ზედმეტად აგრესიული გახდებით, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ თქვენ ნათსი გყავთ. თუ ყოველ რაუნდზე ბეთს გააკეთებთ, თქვენ გაცილებით ნაკლებ ეჭვს გამოიწვევთ.
- პარადოქსია, მაგრამ საუკეთესო თამაში ასეთ სიტუაციებში იქნება მაქსიმალური აგრესია.
სტატია, მართლაც არაჩვეულებრივია. მისი არგუმენტებიც დამაჯერებელი, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო, მესამე არგუმენტი. კარგა ხანია აღმოვაჩინე, რომ თითქმის ნებისმიერ დინამიკაში, ნებისმიერი კატეგორიის ოპონენტების წინააღმდეგ, ნათსი ფლოპის შემთხვევაში, საუკეთესო და ყველაზე დამაბნეველი თამაში - აგრესიულია.
საშუალო ლიმიტებზე, ძლიერი ფლოპის შემთხვევაში, თითქმის ყველა მოთამაშეს უჩნდება სლოუფლეის სურვილი. სიმართლე რომ ითქვას, ეს არცაა გასამტყუნებელი და სრულიად გასაგებია - თუ ფლოპი აბსოლუტურად მოგერგოთ, თუ ფლეში გყავთ, ფულ ჰაუსი, ან უფრო უკეთესი, დანამდვილებით შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ სხვა მოთამაშეები ფლოპს ძალიან აცდნენ. თავისთავად თქვენ გიჩნდებათ სურვილი, რომ ოპონენტებს მისცეთ საშუალება, თერნზე ან რივერზე დაიჭირონ რამე კარტი, რომლითაც შეძლებენ თქვენი აგრესიის მიღებას.
სლოუფლეი ასეთ შემთხვევებში აბსოლუტურად ლოგიკური აზრია, მაგრამ ეს ქმნის ორ პრობლემას:
1. სლოუფლეის დროს თქვენ ვერ შეძლებთ ბანკის გაზრდას და თქვენი ძალიან ძლიერი ხელით მოიგებთ მინიმალურ თანხას.
2. თქვენ საეჭვო ხდებით ოპონენტებისთვის. თუ თქვენ პრეფლოპ რეიზერი ხართ, თქვენგან ყველა c-bet-ს ელოდება. პრეფლოპ აგრესიის გაგრძელება ფლოპზე, თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება. თუ თქვენ სლოუფლეის დაიწყებთ, ეს სერიოზულ ეჭვებს გამოიწვევს, განსაკუთრებით გვიან რაუნდებზე, როცა ბანკის გაზრდას შეეცდებით. გამოდის, რომ თქვენ ე.წ. 'backwards bettor'-ად გადაიქცევით, ანუ მოთამაშედ, რომელიც ცუდი ხელებით, ბლეფისთვის აკეთებს ბეთებს, ხოლო ძალიან ძლიერი ხელებით ჩუმად ზის.
ზუსტად იგივეს წერს თავის წიგნში ლეგენდარული მაიკ კარო: უმეტეს შემთხვევაში, თქვენ ძალიან დიდ ბანკს მოიგებთ მაშინ, როცა ითამაშებთ თქვენი კარტის შესაბამისად. თქვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი პოკერში არის ის, რომ რაც შეიძლება ხშირად ითამაშოთ 'გულახდილად', როცა ძლიერი ხელი გყავთ. სწორედ აქედან მოდის ფული.
კაროს აზრით, ასეთ თამაშს მოაქვს მოგება, რადგან ოპონენტები თქვენგან ელოდებიან აგრესიას, როცა სუსტი ხართ და სიმშვიდეს, როცა ძლიერი ხართ. მარტივად რომ ვთქვათ - ოპონენტები ელოდებიან თქვენგან უცნაურ, რეალობისგან განსხვავებულ თამაშს. თქვენი მიზანი კი სწორედ ასეთი მოლოდინის გამოყენება და მის საწინააღმდეგოდ თამაშია.
მიკრო ლიმიტებზე მქონდა ასეთი შემთხვევა: AJ-ით რეიზისა და რამდენიმე ქოლის შემდეგ, ფლოპი დარიგდა AAJ. ოპონენტები საკმაოდ სუსტები, ლუზ-პასივები, მარტივად რომ ვთქვათ გადამხდელი ფიშები იყვნენ. გადავწყვიტე დამედო. შედეგი მოლოდინზე უკეთესი აღმოჩნდა - ოთხმა მათგანმა ქოლი გააკეთა. თერნზე კიდევ ერთი A დაიდო. ახლა მაინც უნდა დამეწყო თუ არა სლოუფლეი? რა თქმა უნდა, არა! ისევ დავდე იმ იმედით, რომ ვინმე, ჯიბის წყვილით მაინც ფულ ჰაუსს გააკეთებდა. ამჯერად სამი ქოლერი მყავდა. რივერი ნამდვილად არ მახსოვს რა იყო, უკვე აღარც ჰქონდა მნიშვნელობა, ოლ ინი გავაკეთე და ორმა შორტ სტეკმა ქოლით მიპასუხა. რა თქმა უნდა, მათი თამაში სულელური იყო და არცერთი კარგი მოთამაშე ასე არ გააკეთებდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ბორდზე დადებული სამი A-ის დროს, ძალიან რთულია ივარაუდო, რომ მეოთხე ვინმეს ხელში უჭირავს. 'გულახდილობა' აქაც საპირისპიროდ მუშაობს და თქვენი გულწრფელი სურვილი, რაც შეიძლება დიდი ბანკი ითამაშოთ, ბლეფად და ტყუილად აღიქმება.
გახსოვდეთ, რომ ისეთი ხელები, როგორიცაა ფლოპზე მიღებული ნათსი ფლეში, ფლოპზე მიღებული ფულ ჰაუსი და ქუადსი, ძალიან იშვიათი მოვლენაა და ასეთი შემთხვევების სლოუფლეით გაფუჭება და მინიმალური ბანკის მოგება დიდი შეცდომა იქნება. თუ თქვენ ფლოპზე გაკეთებული ბეთის შემთხვევაში არ გეყოლებათ ქოლერი, ნუ იდარდებთ, ასეთი ოპონენტი არც თერნზე და რივერზე გადაგიხდით დიდ თანხას, ამიტომაც ჯობია თავიდანვე სცადოთ დიდი ბანკის შექმნა, ასე დიდი ფულის მოგების შანსი გაცილებით გაიზრდება.





