წინა რამდენიმე ბლოგში, ნაწილობრივ შევეხეთ პოკერის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. მომავალში, ვეცდები უფრო მეტი დრო დავუთმო პოკერის ფსიქოლოგიას. ამ პოსტში კი ვისაუბროთ ისეთ თვისებაზე, როგორიც თავდაჯერებულობაა.
თავდაჯერებულობა, მარტივად რომ ავხსნათ, არის კონკრეტული ამოცანის შესრულების დროს საკუთარი თავის რწმენა. როგორც იცით, ძალიან რთულია ითამაშო ისეთ მაგიდაზე, ან ისეთ ოპონენტებთან, რომელთანაც თავს დაუცველად, მათზე სუსტად თვლი, სადაც იმის წარმოდგენაც კი გირთულდება, რომ შენც და მათაც ერთი და იგივე კარტები გირიგდებათ.
აქვე მინდა განვიხილოთ თავდაჯერებულობის არასწორი გაგება. ბევრი თვლის, რომ თავდაჯერებულობა, უბრალოდ პოზიტიური აზროვნება, ან წარმატების სურვილია. სინამდვილეში კი ეს არის მოთამაშის წარსულ მიღწევებზე, გამოცდილებაზე დაფუძნებული მოლოდინი, რომ ის მიაღწევს დასახულ მიზანს.
მეორეს მხრივ ავიღოთ ზედმეტი თავდაჯერებულობა, რეალობის შეუსაბამო ამბიცია. ეს მაშინ გვემართება, როდესაც ჩვენი რწმენა საკუთარ თავში აღემატება ჩვენს მიღწევებს, ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას. მოთამაშეთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ გაცილებით უკეთესი მოთამაშეა, ვიდრე ის რეალურად არის. ასეთი წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე, გვიქრობს პროგრესირების საშუალებას და შეიძლება პირიქით - რეგრესიც კი გამოიწვიოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვჭირდება თავდაჯერებულობის ზომიერი დოზა, არც მეტი, რომ უკუსვლა არ დაგვეწყოს და არც ნაკლები, რათა შევძლოთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.
როგორც უკვე ვთქვით, თავდაჯერებულობა უნდა ეფუძნებოდეს გამოცდილ წარმატებებს, რათა დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია მიღწეული შედეგების გამეორება და გაუმჯობესება. როგორ უნდა მოიქცეს დამწყები მოთამაშე, რომელსაც არ აქვს ჯერ არანაირი წარმატება? მისი თავდაჯერებულობის საფუძველი უნდა გახდეს მისი შრომა და მომზადება. საკუთარი თავის რწმენის საიდუმლო მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ადამიანმა დაიჯეროს, მას შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერ სიტუაციას, მიაღწიოს ნებისმიერ წარმატებას, თუ ის ამისთვის სათანადოდაა მომზადებული. იმისთვის რომ დარწმუნებული იყო საკუთარი თამაშის უნარებში, შესაძლებლობებში, ცოდნაში და პრაქტიკუ გამოცდილებაში, შენ საფუძვლიანად უნდა მოემზადო.
მოსამზადებელი პერიოდი მოიცავს კონკრეტულ დღიურ და კვირეულ ზუსტად გაწერილ გეგმას. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სათამაშოდ ჯდება, პირველი და უკანასკნელი სურვილი აქვს ის, რომ მოიგოს ფული! რეალურად კი მოთამაშემ ყოველდღიურად უნდა იზრუნოს საკუთარი თამაშის დახვეწაზე, გამოსწორებაზე და გაუმჯობესებაზე. მოსამზადებელ გეგმაში უნდა შედიოდეს სტატიების კითხვა, ახალი და ძველი სტრატეგიების განხილვა, ვიდეოების ყურება, სხვადასხვა დარიგებების გარჩევა, ცნობილი მოთამაშეების მოქმედებები, მათი შეცდომები, ნებისყოფის ვარჯიში, ან უბრალოდ პოკერის მათემატიკის საფუძვლიანი შესწავლა და იმ დონეზე ათვისება, რომ მათემატიკა ყველაზე მარტივი პრობლემა გახდეს თამაშის დროს.
თუ თქვენ ასეთ გეგმებს დასახავთ და შემდეგ იმუშავებთ მათზე, საკუთარი თავის რწმენა თანდათან ამაღლდება და როგორც ვთქვით, ეს სულაც არ იქნება სურვილზე და არაადეკვატურ ამბიციაზე დაფუძნებული წარმოდგენა. რაც უფრო დაოსტატდებით ტექნიკურ საკითხებში, მით უფრო დაცულად იგრძნობთ თავს მაგიდასთან. ხოლო მაგიდასთან სიმშვიდე და თავდაჯერებულობა გაცილებით მეტ ფულს მოიტანს. ეს ყველაფერი კი, უკვე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დამწყები მოთამაშისთვის წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯებია, რაც მას მომავალში კიდევ უფრო მეტად გაუჩენს საკუთარი თავის რწმენას.
კიდევ ერთი მეთოდი, თავდაჯერებულობის ასამაღლებლად, მდგომარეობს სხვისი თვისებების გადმოღებაში. მაგალითად: აიღეთ რომელიმე მოთამაშე, რომლის თამაში და მანერებიც ყველაზე მეტად მოგწონთ. უყურეთ მის ვიდეოებს, წაიკითხეთ მისი თამაშის სტილის შესახებ, ნახეთ როგორ რეაგირებს სხვადასხვა მოქმედებებზე და სხვადასხვა სიტუაციებზე. თქვენ შეგიძლიათ უფრო შორს წახვიდეთ და საკუთარი თავი წარმოიდგინოთ ამ მოთამაშის ადგილას. როგორ მოიქცეოდით თქვენ? როგორი იქნებოდა თქვენი მოქმედებები, რეაქციები, სიტყვები? ეს ტექნიკა საკმაოდ კარგად მუშაობს. თუ ჩვენ ვხედავთ წარმატებულ ადამიანს, ჩვენ ვიჯერებთ, რომ წარმატების მიღწევა ჩვენთვისაცაა შესაძლებელი.
იმისთვის, რომ იყო წარმატებული პოკერის მოთამაშე, უნდა გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების! ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა დაიჯეროს თავისი უშეცდომობა, რომ მას არასდროს შეეშლება, არასდროს წააგებს, არ ექნება ცუდი დღეები და ცუდი სესიები. რეალურად მოთამაშემ უნდა გაიაზროს, რომ მას უამრავი წარუმატებლობა ექნება, უამრავ შეცდომას დაუშვებს, მაგრამ თუ ის მზადაა შეამციროს შეცდომები, გამოასწოროს ხარვეზები მის თამაშში, ისწავლოს უფრო მეტი და განვითარდეს, ეს აუცილებლად მოიტანს თავდაჯერებულობასაც და წარმატებასაც. გახსოვდეთ, თუ გინდათ მოგება, ნუ იქნებით მასზე ორიენტირებული, ნაცვლად ამისა მეტი დრო დაუთმეთ ფიქრს განვითარებაზე, რაც გარანტირებულად მოიტანს მოგებას!





