როგორ ვეთამაშოთ ლუზ-პასივ მოთამაშეებს?

+ პოსტის დამატება

მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე რთულ ოპონენტად აგრესიული მოთამაშე ითვლება, პასიურმა მეტოქემაც შეიძება საკმაო პრობლემები შეგვიქმნას. ძალიან ხშირად გვსმენია და პირადი გამოცდილებიდანაც გვიჩნდება აზრი, რომ ამ ე.წ. ქოლინგ სტეიშენების დაძვრა, პოტიდან გაგდება შეუძლებელია, რომ ისინი გამუდმებული ქოლებით უცნაურ საქაუთებს აკეთებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, პასიური მოთამაშე და განსაკუთრებით მათი სიმრავლე, ბევრისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 
სინამდვილეში კი ლუზ-პასივ მოთამაშეებს სიხარულით უნდა ვხვდებოდეთ. მათთან ერთად მაგიდაზე ჯდომა უნდა გვიჩენდეს ფულის საბეჭდ მანქანასთან ჯდომის განცდას. მათი ამოცნობა ძალიან ადვილია, სულ რამდენიმე დარიგებაში შეიძლება მოვნიშნოთ ისინი ლუზ-პასივებად, ხოლო შემდეგ ვისიამოვნოთ მათი ფულით. 
ლუზ-პასივის შემჩნევა მაგიდაზე უმარტივესია: ისინი საჭიროზე ხშირად თამაშობენ ლიმპს; თუ ლიმპი აქვთ გაკეთებული, ქოლით ღებულობენ ნებისმიერ რეიზს; ჩექ-ქოლს თამაშობენ რივერამდე, იშვიათად ჩექ-ფოლდს. თუ რეიზი გააკეთეს, უკვე გამზადებული ძალიან ძლიერი ხელი უნდა ვივარაუდოთ. ლუზ-პასივები მუდამ ჩასაფრებულები არიან და მიზეზს ეძებენ ქოლისთვის. 
ასეთი მახასიათებლების ჩამოთვლის შემდეგ, თქვენ იფიქრებთ, რომ ისინი საუკეთესო ოპონენტები არიან, ვისთანაც თამაშს ისურვებდით. მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენ კარგ მოთამაშეს უჭირს მათთან თამაში. 
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თუ ვინმეს უჭირს ლუზ-პასივების წინააღმდეგ თამაში, ეს უმეტესწილად მისი გონებიდან გამომდინარეობს. იმის თქმა მინდა, რომ წუწუნი იმის შესახებ, თუ როგორ მომიგო ფიშმა მთელი სტეკი და როგორ მიგებდა მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ იღბლის ხარჯზე, ძალიან სულელურია. რა თქმა უნდა იღბლის ფაქტორს არავინ უარყოფს, მაგრამ თუ ნამდვილად გულახდილები ვიქნებით საკუთარ თავთან, ბევრ შეცდომას აღმოვაჩენთ. 
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა, რომელიც შეიძლება კარგ მოთამაშეს მოუვიდეს ლუზ-პასივთან თამაშისას, არის ბეთინგი და ბლეფის მცდელობა. თუ მოწინააღმდეგემ მიიღო პრეფლოპ რეიზი, ქოლით უპასუხა სი-ბეთს, ქოლით უპასუხა მეორე ბარელს, ამქვეყნად არანაირი შანსი არ არსებობს იმისა, რომ ის რივერზე დაყრის მესამე წყვილსაც კი! მესამე წყვილი - ეს ხომ ყველაფრის მკვლელი ნატსია?! 
მაშინ როგორ დავამარცხოთ ასეთი მოთამაშეები? მათ წინააღმდეგ ბლეფის თამაში, თუნდაც დაწყებული აგრესიის გაგრძელება ფლოპზე, თითქმის არაფრისმომცემია. თუმცა აგრესიის გამოყენება ისტორიის შექმნის მიზნით, გამართლებულია.  ყველამ ვიცით, რომ პოკერში ფულის შოვნა ძირითადად ხდება ველიუ ბეთებით. კარგი მოთამაშე იმით განსხვავდება ცუდისგან, რომ ის ძალიან იშვიათად იხდის ველიუ ბეთს, მათ წინააღმდეგ ჩვენი აგრესია გამოსადეგი იქნება, მათ შეიძლება ხშირად მოვუგოთ სემი-ბლეფებით და ა.შ. რაც შეეხება ლუზ-პასივ მოთამაშეებს, მათ უყვართ ველიუ ბეთების გადახდა. ისინი დაბადებულები არიან ამისთვის. 
თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ხელი, შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი ველიუ წამოიღოთ გათამაშებიდან. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თქვენს ბეთინგ საიზს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ასეთ მოწინააღმდეგესთან. ლუზ-პასივი ისევე ადვილად გააკეთბს ქოლს პოტის 2/3-ზე როგორც ნახევარ პოტზე. ეს მისთვის ერთი და იგივეა. გააკეთეთ ბეთი ფლოპზე, თერნზე და რივერზეც, თუ მათ არ უჩვენებით რამე განსაკუთრებული სიძლიერე. 
კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც ლუზ-პასივების წინააღმდეგ გამოიყენება არის მათი იზოლირება. ლუზ-პასივის ლიმპის შემდეგ გააკეთეთ რეიზი, რათა გზიდან ჩამოიშოროთ თაით-აგრესივები და სხვა ტიპის მოთამაშეები. სამიზნე კი უმეტესწილად ქოლით უპასუხებს ჩვენს რეიზს. იზოლაციის გაკეთება გაცილებით ფართო რეინჯით შეიძლება, რადგან მოსალოდნელი ოდსები ლუზ-პასივებთან გაცილებით დიდი გაქვთ, ვიდრე ძლიერ, აგრესიულ მოთამაშესთან. 
რეიზები შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო დიდი ზომისაც გაკეთდეს. ლუზ-პასივისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს 2.5 ბლაინდით გაზრდით თუ 4 ბლაინდით. თქვენ შეგიძლიათ უფრო მძიმედ ითამაშოთ ბლაინდების მოსაპარად, როცა ბლაინდის პოზიციაზე ასეთი მოთამაშე ზის. პოსტ ფლოპ თქვენ პოზიციური უპირატესობაც გექნებათ. რაც შეეხება პოსტ ფლოპს: თუ ლუზ-პასივი ღებულობს თქვენს ბეთს ფლოპზეც და თერნზეც, მაშინ ნამდვილად უნდა იყოთ დარწმუნებული თქვენი ხელის სიძლიერეში. როგორც ვთქვით, ბლეფი მათ წინააღმდეგ არაფერს მოგვცემს. 
მოკლედ რომ შევაჯამოთ ლუზ-პასივებისადმი მიდგომა: შევწყვიტოთ ყველანაირი ბლეფი, დავუჯეროთ მათ ნებისმიერ აგრესიას და კარგი ხელის შემთხვევაში, რაც შეიძლება მეტი ველიუ მოვითხოვოთ მათგან. 

რუმები

ქართული უცხოური